საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება უკიდურესად შემაშფოთებელია.

"უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების — პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან", — წერს ლომჯარია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლა პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ენმ-ის ლიდერმა გირაოს მეორედ გადახდაზე უარი თქვა. მელიას უარი ემყარებოდა იმას, რომ ამავე საქმეზე მას ერთხელ უკვე გადახდილი აქვს სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო. საუბარია 20 ივნისის საქმეზე, როცა სასამართლომ მას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეუფარდა. მელიამ სამაჯური ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რის შემდეგაც პროკურატურამ იგივე საქმეზე გირაო ხელახლა მოითხოვა. მელიას უარის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების, ანუ პატიმრობის მოთხოვნა დააყენა. ამისთვის მას პარლამენტის ნებართვა სჭირდებოდა, რადგან ბოიკოტის მიუხედავად, მელია კვლავ დეპუტატია. 16 თებერვალს ქართული ოცნების პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი უკვე მეორედ მოუხსნა და პროკურატურამ სასამართლოს იმავე დღეს მიმართა.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.

პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.