პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "სირცხვილია", როცა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობდა, რომ "ყველა ბორკილს მოიწყვეტდა" და ნაცვლად, დღეს "თავი ჩაიკეტა ოთახში". ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"სირცხვილია, რასაც ჩვენ ვხედავთ. ერთ შემთხვევაში, ის გაგულისებული იყო და ამბობდა, რომ ყველა ბორკილს მოიწყვეტს, თავს გაითავისუფლებს და დღეიდან ის არის თავისუფალი ლიდერი, რომელიც სათავეში უდგას ოპოზიციურ მოძრაობას. დღეს ვნახეთ, რომ სანამ სასამართლო რამეს გადაწყვეტდა, თვითონ ჩაიკეტა თავი ოთახში, ფაქტობრივად, სამაჯურზე მეტი შეზღუდვა თავად დაუწესა საკუთარ თავს. აი ეს არის, ასეთი ტიპის ლიდერთან გვაქვს ჩვენ საქმე", — განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს ნიკა მელიას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა, რითიც პროკურატურას ისევ მისცა მისი დაკავების უფლება. მმართველ გუნდში ამ განმარტებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მათ არა დაპატიმრების, არამედ პატიმრობის მოთხოვნის უფლება გასცეს და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი პროკურატურას მელიას დაპატიმრების უფლებას აძლევს. 2019 წლის 26 ივნისს 91 ხმით, 0-ის წინააღმდეგ, ქართულმა ოცნებამ იგივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მაშინაც მსჯელობის საგანი იყო ნიკა მელიას ბრალდება 20 ივნისის საქმეზე. კენჭისყრის დღეს ოპოზიციის სკამები ცარიელი იყო და მელია მმართველი გუნდის პირისპირ მარტო იჯდა. თუმცა ქართულ ოცნებაშიც არ ყოფილა ყველა "მომხრე". სამმა დეპუტატმა: მირიან წიკლაურმა, რომან კაკულიამ და ბექა ოდიშარიამ მაშინ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, მარიამ ჯაშმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მაშინ პროკურატურამ ქართული ოცნებისგან პატიმრობის უფლება მიიღო, სასამართლოსგან კი არა. მელიას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა, რომელიც ენმ-ის ლიდერმა ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რასაც უწყებიდან მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.

ერთკვირიანი ვადა, რომელიც პროკურატურამ მელიას გირაოს გადასახდელად მისცა, ამოიწურა ისე, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია. სწორედ ამიტომ, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და ქართულმა ოცნებამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.

პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.