მზად ხართ, დისნეის საკულტო პერსონაჟი უკეთ გაიცნოთ?

რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა პირველი ტრეილერი ფილმისა, რომელიც 2021 წელს დაგეგმილ პრემიერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონეა.

კრუელა — ასე ჰქვია ფილმს, რომელიც თავისი ერთსიტყვიანი სათაურითაც კი ბევრს შიშის ზარს სცემს: ის ანიმაციების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტიგმირის ისტორიას გააცოცხლებს.

ფილმის მოკლე აღწერაში ვკითხულობთ, რომ მისი სიუჟეტი 1970-იანი წლების ლონდონში ვითარდება და ის მოდის ახალგაზრდა დიზაინერის, ესტელა დე ვილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ძაღლების, განსაკუთრებით დალმატინელების, კანის გამოყენებითაა შეპყრობილი, რაც საბოლოოდ მას შემზარავ ლეგენდად — კრუელად გადააქცევს.

დისნეის ეს ახალი პროექტი ამ კინოსტუდიის მიერვე შექმნილ საკულტო ანიმაციას 101 დალატინელი ეფუძნება, რომელიც 1961 წელს გამოვიდა. 2021-ში ამ ფაქტიდან ზუსტად 60 წელი გადის და ერთგულ მაყურებელსაც შესაძლებლობა ეძლევა, ცნობილი ისტორია სხვა მხრიდან გაიცნოს, ისევე, როგორც მალეფისენტის შემთხვევაში — მძინარე მზეთუნახავის მთავარ ბოროტმოქმედს სულ სხვა თვალით შევხედეთ.

კრუელა ოსკაროსანი ფილმის I, Tonya რეჟისორმა, კრეიგ გილესპიმ გადაიღო, მთავარ როლს კი ოსკაროსანი მსახიობი ემა სტოუნი ასრულებს.

ფილმის პრემიერა 28 მაისსაა დაგეგმილი.