"შუაღამისას სეიდნაიას ციხეში, სირიაში, პატიმრები გააღვიძეს და უთხრეს, რომ ისინი სხვაგან გადაჰყავდათ.

ისინი თვალებახვეულები გამოვიდნენ საკნებიდან და არ იცოდნენ სად მიდიოდნენ ან რა მოხდებოდა, სანამ ყელზე თოკის მარყუჟი არ იგრძნეს" - ინფორმაციას Amnesty International-ის ახალ გამოძიებაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვირაში ორჯერ ამ ბედს იზიარებდა 50 კაცზე მეტი.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ საიდუმლო და სასტიკ რეჟიმს 13 ათასი ადამიანი შეეწირა.

ინფორმაცია დაფუძნებულია მრავალწლიან გამოძიებაზე, რაც მოიცავს ინტერვიუს 84 მოწმესთან. მოწმეებს შორის არიან დაცვის თანამშრომლები, მოსამართლეები, ადვოკატები და დაკავებულები.

ჩამოხრჩობილთა უმრავლესობა მოქალაქეა, რომელიც ციხეში ხელისუფლების საწინააღმდეგო შეხედულების გამო მოხვდა.

"ის საშინელება, რომელიც ამ ანგარიშშია ასახული, ფარდას ხდის იმ მონსტრულ და ფარულ კამპანიას, რომეშლიც სირიის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ" - აცხადებს Amnesty-ის ბეირუთის ოფისის კვლევების დირექტორი ლინ მაალუფი.

ანგარიშის მიხედვით, დაკავებულებს ყალბი სასამართლო ასამართლებდა და ისინი იყვნენ თუ არა დამნაშავეები ან აღიარებდნენ თუ არა დანაშაულს, ციხეში მიდიოდნენ.

"ამ სასამართლოს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა კანონის უზენაესობასთან" - წერია მოწმეზე დაყრდნობით Amnesty-ის ანგარიშში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სირიის მთავრობას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.