ტელეკომპანია პირველი თებერვლიდან სამ ტოქშოუს იწყებს. სხვადასხვა ტოქშოუს ჟურნალისტები - ინგა გრიგოლია, ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი წაიყვანენ. არხის სამომავლო გეგმებზე, On.ge-ს არხის პროდიუსერი, ინგა გრიგოლია ესაუბრა.

მისი თქმით, თებერვლის ბოლოდან საღამოს 7 საათზე ტვ პირველის მაყურებელი ყოველ ოთხშაბათს ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემას, პოლიტმეტრს ნახავს. ორშაბათსა და ხუთშაბათს კი ვახო სანაიას პოლიტიკურ შოუს, სადაც პოლიტიკურ საკითხებზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად სტუდიაში დამსწრე აუდიტორიაც მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, სამშაბათსა და პარასკევს გადაცემა რეაქცია იწყება, რომლსაც თავად გრიგოლია წაიყვანს.

რეაქციაში ხშირად ვაკეთებდი არამხოლოდ პოლიტიკურ დებატებს. თემები, რომლებიც არ არის პოლიტიკური, მაგრამ საზოგადოება განიხილავს. რა თქმა უნდა, ჩვენი ამომავალი წერტილი პოლიტიკური ამბებია. უბრალოდ, მინდა ჩემი გადაცემა ნაკლებად იყოს დატვირთული იმ რესპონდენტებით, რომლებიც თავად იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, უფრო იმ ხალხის მონაწილეობით იქნება ვისზეც აისახება,“ - აღნიშნა არხის პროდიუსერმა და წამყვანმა ინგა გრიგოლიამ.

ეთერში რჩება გადაცემა დღის ამბები, რომლის წამყვანიც დიანა ტრაპაიძე იქნება, თუმცა, აღარ გავა გადაცემა რვიანი, რომლსაც ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი უძღვებოდნენ.

ინგა გრიგოლიასა და ნინო ჟიჟილაშვილს ადრეც მიჰყავდათ იმავე სახელწოდების გადაცემები. გრიგოლიას გადაცემა - რეაქცია 2015 წლის აგვისტოში ტელეკომპანია იმედზე არხის რეორგანიზაციის მიზეზით დაიხურა. პოლიტმეტრი კი, მაესტროზე 2014 წლის იანვარში დაიხურა და ნინო ჟიჟილაშვილი მაშინ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა.