თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ თბილისის მერია ხალხს ეხმარება და მედიაში გავრცელებულ საპირისპირო ინფორმაციას "ტყუილს" უწოდებს. ამის დასტურად ის ამბობს, რომ "არ იკადრებს" გაასაჯაროოს კონკრეტული ადამიანების მინაწერები და წარუდგინოს საზოგადოებას, რა დახმარებები აქვთ მათ მიღებული.

"ვისმენთ ცრუ ბრალდებებს კონკრეტული ტელევიზიების საშუალებით, რომ მერია ადამიანებს არ ეხმარება, ოჯახებს ხელს არ უწყობს. კონკრეტული მედია საშუალებების გადაცემებში გასულ კვირას იყო სიუჟეტები, ჰყავდათ მოწვეული ადამიანები, რომ თითქოს მუნიციპალიტეტი, გამგეობები ამ ადამიანებს არ ეხმარებიან. ეს არის სიცრუე და დიდი ტყუილი.

მე უბრალოდ არ ვიკადრებ ახლა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების სახელებით და გვარებით მიმოწერები გავასაჯაროვო, არ ვიკადრებ იმას, რომ წარვუდგინო საზოგადოებას, რა დახმარებები აქვთ მიღებული, რამდენს იღებენ ყოველთვიურად თუნდაც იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართები აიღონ იჯარით", — აცხადებს კალაძე.

მისი თქმით, 2021 წელს პრიორიტეტი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება, ამიტომ კალაძის განცხადებით, "არცერთი თეთრი არ მოაკლდება" ყველა იმ პროგრამას, რომელიც მერიას აქვს დაანონსებული ადამიანების და ოჯახების დასახმარებლად.