დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, ივერი მელაშვილის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადება, დასაშვებად სცნო. აღნიშნული On.ge-ს მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა დაუდასტურა.

საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს გაიმართება.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ივერი მელაშვილმა რამდენიმე საათში TV ეთერში განცხადება გააკეთა, რომელიც მალევე გავრცელდა.

"როცა ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა, გინდა თუ არა ჩემია, როგორ არის შენი, როცა არ არის?! არ გაქვს ამის საფუძველი და იქ ვიღაცა, უკაცრავად და, ბერი იქნება თუ ერის წარმომადგენელი იქნება, თუ ზოგი მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია. არ არის სწორი. არ არის შენი, არ დაგითმობს არასდროს", — განაცხადა მელაშვილმა.

ეს წინადადება აქტიურად ტრიალებდა სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ფეისბუქგვერდებზე. ისინი ცდილობდნენ იმის მტკიცებას, რომ მელაშვილმა ფრაზაში — "როგორ არის შენი, როცა არ არის" — დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი იგულისხმა. კარტოგრაფი კი განმარტავს, რომ ის საუბრობდა კონკრეტულ მონაკვეთზე, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის საზღვრებშია მოქცეული და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს იმ ფაქტს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ისტორიული კუთვნილებაა.

გაიგე მეტი:

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.

გაიგეთ მეტი: