საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, შვედეთის ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველომ ქალი ლიდერების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს, რომელიც რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტზე და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდესთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა და მის განხორციელებაში აქტიური ჩართულობის მზაობა გამოხატა.

"მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული მდგომარეობა, რეგიონში ევროკავშირისა და ეუთოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა და საქართველოს საარჩევნო სისტემა. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მხრიდან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადამიანების გახშირებულ გატაცებებსა და კონკრეტულად ზაზა გახელაძის დაკავების შემთხვევას", — აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს მოუწოდა, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და ფორმატი მაღალ პოლიტიკურ დონეზე ოკუპაციის საკითხზე სასაუბროდ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერების მნიშვნელობაზე და პრეზიდენტმა ენ ლინდეს მოუწოდა, ფორმატის გაძლიერებისა და ეფექტიანობის გაზრდაში ეუთო და შვედეთი აქტიურად ჩაერთოს.