პარლამენტში პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის სიით შესული და ამჟამად ევროპელი სოციალისტების წევრი, ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია სხვის თამაშს თამაშობს. ამ თამაშის სცენარის საჩვენებლად ის პოლიტიკურ მოვლენებს თვლის, რომელთა შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებასაც ასახელებს.

"ეხლა ის [ნიკა მელია] სხვის თამაშს თამაშობს. ეს ცალკე საუბრის საგანია, 2 სიტყვით მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ კარგად ვიცი. კარგად დალაგებულია ჩემს თავში, როგორ დაიწყო გავრილოვი, გავრილოვის შემდეგ ის ღამე, იმის შემდეგ გმირი გაფრინდაშვილი, მერე არჩევნები, მერე გაყოფა და დაშლა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, მერე მცდელობა მათი რეანიმაციის და რომ დავამთავროთ, გინდაც კაფე-ბარები ჯაფარიძის. ეს ერთი თამაშია, ერთი სცენარია", — განაცხადა მან.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა და პატიმრობაში ჰყავდა. ისინი გაფრინდაშვილისგან საზღვრის კვეთის აღიარებს მოითხოვდნენ, რაზეც ექიმმა უარი განაცხადა და თქვა, რომ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთან გადის და არა მავთულხლართებზე.

ტყვეობაში ყოფნისას გაფრინდაშვილი არაერთხელ გახდა ტროლებისა და ქართული ოცნების მხარდამჭერების სამიზნე. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ გაფრინდაშვილი "პროვოკატორია" და პოლიტიკური მიზნები აქვს.