პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ქობულეთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას, არავის აქვს თავის მართლების მორალური უფლება. ის, ასევე, ამბობს, რომ არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ახლობლებს, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ამ ბავშვს ბევრი არ აღმოაჩნდა და საკუთარი პრობლემის წინაშე ის აღმოჩნდა სრულიად მარტო, რაც არის ყველას მარცხი.

საუბედუროდ, ამ ფაქტზე საუბრისას არავის, ხაზს ვუსვამ ამას, არავის არ გვაქვს თავის მართლების მორალური უფლება. ასევე, არ გვაქვს არავის ამ თემით სპეკულირების უფლება. ეს ორივე უზარმაზარი ამორალობა იქნებოდა. ამდენად, ჩემი დიდი თხოვნაა, რომ ყველამ დავხაროთ თავები, გავისიგრძეგანოთ ამ უმწარესი გაკვეთილის მთელი დრამატიზმი", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა არასდროს განმეორდეს.

"ყველას კარგად გვახსოვდეს, რომ ვერცერთი პოლიტიკური საკითხი, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს მისი აქტუალობა და პრიორიტეტულობა, თავისი მნიშვნელობით, ახლოსაც ვერ მივა იმ ტრაგედიის მასშტაბთან, რასაც ერთი ბავშვის ტრაგედია წარმოადგენს", — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

14 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 თებერვალს გავრცელდა. მეორე დღეს, 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. პოლიციამ კაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა.

დაკავებულს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში (ორი ეპიზოდი) და თვითმკვლელობამდე მიყვანა. ეს მუხლები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარზე განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა. ობმუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეზე თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით შეისწავლის.

15 თებერვალს 14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ ბაბუა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას ბრალად წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა ედება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაიგეთ მეტი: