პარტია მოქალაქეების ლიდერი და უკვე პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მზადაა, ნიკა მელიას გირაოსთვის თავისი, დეპუტატის ხელფასი გადარიცხოს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ ხელფასი არ ჩარიცხვია და არ იცის, რამდენია, მაგრამ მზადაა, გირაოსთვის გადარიცხოს.

"ნიკამ ამასწინ ეთერში მე მომმართა და თქვა, ერთხელ გირაო გადავიხადე, ახლა კიდევ დამაკისრეს და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორეჯერ გადავიხადოო. გასაგებია, ორჯერ 30 000 ლარი ზედმეტი არავის აქვს, მეც არ მაქვს, მით უმეტეს, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავრიცხო. ეს 30 000 ლარი არ არის, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რამდენია, მაგრამ ადამიანურად მზად ვარ. არა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა გულზე მეხატება", — თქვა ელისაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი სისტემის შედეგია და ქართული ოცნების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს მართლმსაჯულება დატოვა.

"ეს კაცი, პროკურატურის წარმომადგენელი რომ ლაპარაკობს, ნაციონალურმა მოძრაობამ რაც ასწავლა, იმას ლაპარაკობს და ქართული ოცნების მთავარი პრობლემა და უბედურება ისაა, რომ მთელი ის მართლმსაჯულება დატოვა, მურუსიძეები დატოვა და პროკურორების 95%. ეს არის ჩემი მთავარი სასაყვედურო ქართული ოცნებისადმი და ამ შედეგებს ვიმკით. ციხიდან ეს არ გამოსწორდება, გამორიცხულია", — თქვა ელისაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებას მოქალაქეები მხარს არ დაუჭერენ.

დღეს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავს. საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ მისი ადვოკატებიც, თუმცა მათ სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. კომიტეტების შემდეგ, საკითხი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც დეპუტატებმა მელიას იმუნიტეტზე ბოლო ორ წელში უკვე მეორედ უნდა იმსჯელონ. ქართული ოცნების პოზიცია უკვე ცნობილია — მმართველი გუნდი ამას მხარს დაუჭერს. ამ პოზიციას არ იზიარებს პარლამენტში ოპოზიციიდან შესული რამდენიმე ადამიანი — მოქალაქეებიდან და ევროპელი სოციალისტებიდან.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი აღარ დაიცავს, პროკურატურას საშუალება ექნება, სასამართლოს მიმართოს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება — პატიმრობა მოითხოვოს.