საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ფეისბუქზე ახალი მთავარი მწვრთნელის გულშემატკივრებისდამი ვიდეომიმართვაც გავრცელდა.

"წილად მხვდა პატივი, შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეთა პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა. დიდი შრომით, დისციპლინით და მონდომებით, ჩვენ ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს", — განაცხადა ვილი სანიოლმა.

ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა.

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერაზე მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მისმა წინამორბედმა, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტი, მაკედონიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ დატოვა.