დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, 14 წლის ბავშვის საქმე დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ და დააყენონ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეს ვერ მოახერხეს.

მათ ასევე, განაცხადეს, რომ აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტრომ გაატაროს სისტემური რეფორმები სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით; დაამტკიცოს ძალადობაგამოვლილი ბავშვის დაცვის პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება პოლიციისა და ყველა იმ პირისთვის, რომელსაც ძალადობის შემთხვევაში რეაგირებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა.

DRI-იმ საქართველოს მთავრობასაც მოუწოდა, რომ გადახედოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტს და გაატაროს შესაბამისი ცვლილებები სისტემის ადეკვატური გაუმჯობესების მიზნით. თუმცა ორგანიზაციის განცხადებით, მსხვერპლისთვის დახმარების გაწევის პროცესში, მხოლოდ სოციალური მუშაკის შეფასება საკმარისი არ არის და აუცილებელია, მრავალფეროვანი, ხარისხიანი სერვისები, რომლებიც კონკრეტული ბავშვის კონკრეტულ საჭროებებზე იქნება მორგებული.

11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. პოლიციამ კაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. როცა მედიაში ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შსს სავარაუდო სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებდა. იმ განცხადებაში კი, სადაც მოძალადის დაკავებაზეა საუბარი, ასევე არაფერი იყო თვითმკვლელობაზე.

დაკავებულს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში (ორი ეპიზოდი) და თვითმკვლელობამდე მიყვანა. ეს მუხლები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ ბაბუა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას ბრალად წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა ედება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარზე განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა. ობმუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეზე თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით შეისწავლის.