მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დღევანდელ ქადაგებას ეხმაურება, სადაც ილიამ მეორე ცაავას უძღები შვილი უწოდა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ პატრიარქმა საკუთარი თავი უნდა დაინახოს უძღებ შვილში. მან, ასევე, აღნიშნა, რომ თუ პატრიარქმა დღეს "მართლა ღვთის მადლით" იქადაგა, მაშინ უნდა გამოიყვანოს ციხიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე.

"მისი 44 წლიანი მმართველობიდან გამომდინარე, უსამართლო და უწმინდური მმართველობიდან გამომდინარე, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ თავისი თავი დაინახოს უძღებ შვილში, ვიდრე ეძიოს სხვა. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, თუ მან მართლა ღვთის მადლით იქადაგა დღეს და დღესასწაულის მადლი შეეხო მას და ხელი გამოიწოდა ხო, მაშინ, პირველ რიგში, გამოიყვანოს უდანაშაულო, ავადმყოფი პატიმარი, დეკანოზი მამალაძე საპყრობილედან, რომელშიც მან ჩაასმევინა", — განაცხადა პეტრე ცაავამ რუსთავი 2-თან საუბარში.

ცაავა ამბობს, რომ ილია მეორეს ორი, სხვადასხვა სახე აქვს და იგი უნდა ჩამოყალიბდეს, "რომელმა გაიმარჯვოს მასში".

"ორი პატრიარქია: ერთი, რომელიც ადამიანებს მოწყალე მამად და ქრისტიანად აჩვენებს თავს; მეორე, რომელიც საქმეებით არის ულმობელი, უსამართლო და უკანონო. აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს თვითონ, რომელმა უნდა გაიმარჯვოს მასში", — ამბობს პეტრე ცაავა.

15 თებერვლის ქადაგებისას საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილიამ მეორემ მეუფე პეტრე ცაავაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ მეუფე პეტრე ისე გაზარდა, როგორც საკუთარი შვილი და ისე ელოდება მის დაბრუნებას, როგორც მამა უძღებ შვილს.

პეტრე ცაავას მღვდელმსახურება 2019 წლის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით შეუჩერეს და ჭყონდიდის ეპარქიას ჩამოაშორეს. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარა.

11 თებერვალს გამართულ სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ჭყონდდის ეპარქიის მმართველობას ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი სტეფანე შეითავსებს.