თუ ქართულ ტექსტებთან ხშირად გიწევთ ურთიერთობა — უცხო ენიდან თარგმნით, არედაქტირებთ, ოფიციალურ დოკუმენტებს ადგენთ ან სულაც პირად წერილებს გზავნით და არც ისე იშვიათად გაწუხებთ ის ფაქტი, რომ გულდასმით გადაკითხვის მიუხედავად, ბეჭდური შეცდომები მაინც გეპარებათ, მაშინ თქვენთვის განსაკუთრებული სიახლე გვაქვს.

spellchecker.ge ახალი ქართული ციფრული პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ტექსტში მცდარბეჭდილები, ბეჭდვისას დაშვებული მექანიკური შეცდომები მარტივად იპოვოს და მათ გასწორებაშიც დაეხმაროს.

მცდარ-ბეჭდილ-მძებნი მორფოლოგიური ანალიზატორია და ის ძალიან მარტივი პრინციპით მუშაობს: უცნობ სიტყვებს აწითლებს, მათზე დაწკაპუნების შემთხვევაში კი სავარაუდო სწორ ვერსიებს გთავაზობთ.

ფოტო: spellchecker.ge / Screenshot

კონკრეტულად როგორ მუშაობს პლატფორმა? ამის შესახებ ინფორმაციას თავად ვებსაიტზე ამოიკითხავთ:

"მორფოლოგიური ანალიზატორი ჩვენ მიერ შექმნილ ქართული ენის კომპიუტერულ მოდელს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მოდელი შეიცავს 91 000 არაზმნურ და 7 000 სიტყვის ზმნურ ფორმას და ამ პარადიგმების მიერ ნაწარმოები ფორმების საერთო რაოდენობა კი რამდენიმე ასეულ მილიონს აღწევს (ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით), მოდელი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია და მუდმივ განახლებას საჭიროებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ისეთ სიტყვას წააწყდით, რომელიც უნდა გაგვეწითლებინა და არ გავაწითლეთ, ანდა ისეთს, რომელიც არასწორად გავაწითლეთ და უცნობ სიტყვად მივიჩნიეთ".

ამ რესურსის გამოყენება ყველას სრულიად უფასოდ შეუძლია, სანაცვლოდ კი ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გამოიჩინოს კეთილი ნება და თავადაც მიიღოს ანალიზატორის დახვეწა / გაუმჯობესებაში მონაწილეობა. ამას კი სულ მარტივად, ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნებითა და სავარაუდო სწორი ვარიანტების დამატებით მოახერხებთ.

მცდარ-ბეჭდილ-მძებნი ქართული ენის მოყვარულმა ენთუზიასტების ჯგუფმა შექმნა, რომლებიც თავიანთ თავს "მცდარბეჭდილის საძმოს" უწოდებენ (განმარტავენ, რომ ჯგუფის სახელწოდება უბრალოდ ჯ.რ.რ. ტოლკინის "ბეჭდის საძმოს" ალუზიაა და არანაირი ფორმით არ შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს). მათი სამომავლო მიზანია, რომ მორფოლოგიურის გარდა სემანტიკური და სინტაქსური ანალიზატორიც შექმნან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ფეისბუქჯგუფს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული მართლწერის შესამოწმებლად ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ spell.on.ge-ზე.