თბილისში, ვაკის პარკში ინვესტორმა სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა განაახლა, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტის გამო შეჩერებული იყო.

თბილისის მერიაში On.ge-ს უთხრეს, რომ ინვესტორს სამშენებლო ნებართვა არ აქვს, რის გამოც ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია მივიდა და სამუშაოები შეწყდა. მერიაში აცხადებენ, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

ერთი წლის წინ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს აშენების სრული უფლება აქვს და მშენებლობის განახლებას გეგმავს. ტიფლის კოსტავას დირექტორი, გიორგი ზაქაიძე აცხადებდა, რომ მათ აქვთ სამშენებლო ნებართვა და სამივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, მშენებლობის უფლებაზე.

გიორგი ზაქაიძის თქმით, კომპანიამ აუდიტორული დასკვნა წარუდგინა მერიას, რის საფუძველზეც უნდა აენაზღაურებინათ მათივე ინვესტიცია, თუმცა როგორც ამბობდა, მათთვის სასურველი შეთავაზება მერიისგან ამ დრომდე ვერ მიიღეს.

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ კომპანიის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს მერია ვერ მიიღებს.

2020 წლის თებერვალში თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინვესტორს კვლავ ადგილმონაცვლეობა შესთავაზა. ზაქაიძემ განმარტა, რომ ადგილმონაცველობისთვის მერიამ ონკოლოგიური საავადმყოფოს გვერდით არსებული ტერიტორია შესთავაზა, რაზეც მათ უარი თქვეს.

სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში

2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თბილისში, ჭავჭავაძის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა. ამავე წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, არქიტექტურის სამსახურმა თბილისში ჭავჭავაძის გამზირ #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

აღნიშნული განკარგულებისა და ბრძანების გაუქმება მწვანე ალტერნატივამ 2014 წელს საქალაქო სასამართლოში მოითხოვა. ორწლიანი დავის შემდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა — სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მერიის 24 ივლისის განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.

2016 წელს მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა და წინა ინსტანციის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს გრაალმა და შპს ტიფლის კოსტავამ, რომლებიც აშენებენ სასტუმრო ბუდაპეშტს.

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანიების სარჩელი და გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 2019 წლის 16 იანვარს კი უზენაესმა სასამართლომ მშენებლობასთან დაკავშირებით მწვანე ალტერნატივის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.