ჩვენს მკითხველს ვთხოვეთ ყველაზე უიღბლო პაემნების ისტორიები მოეყოლათ. წინასწარ გეტყვით, რომ ვალენტინობის დღის მიწურულს ამ ამბების წაკითხვა შვების მომგვრელიცაა — ერთი იმიტომ, რომ ურთიერთობის დასაწყისში შეცდომები ყველას მოსდის; მეორე იმიტომ, რომ ხანდახან უიღბლო პაემნებსაც აქვს გაგრძელება და ბედნიერი დასასრული.

აი ისინიც:

1. პარკში სკამზე ჩამოვჯექით ხის ქვეშ, თან ნაყინს მივირთმევდით ორივე. ვხედავ ჯინსზე ნაყინის წვეთი დამეწვეთა, შეუმჩნევლად თითი ავუსვი და პირში გავიქანე, თურმე ჩიტს დაუსკლინტავს...

2. გრძლად მოყოლა მეზარება. მოკლედ პაემანზე ვარ გოგოსთან ერთად. უი ახლა მეჩქარებაო და ჩემ დასანახად წავიდა სხვა ბიჭთან ერთად პაემანზე. თუ ამ კომენტარს კითხულობ და თავი ამოიცანი: ტრაკო.

3. ეს იყო 2019 წელს, დიდი ხანი მალოდინა ტერასაზე. მეც ვიფიქრე, მაინც ჩვეულებრივი მომენტია გოგო რომ იგვიანებსთქო. დაახლოებით ერთი საათი ველოდე. რომ მოვიდა, ცოტა შევშფოთდი, დღევანდელ ცხოვრებაში კი ხშირია ულვაში, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იყო. რომ მომიახლოვდა და ხელი ჩამომართვა — მე იგორი მქვიაო. ეს იყო ჩემი პირველი პაემანი ვალენტინობის დღეს.

4. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, სანამ ოფიციანტმა არ მახარა, რომ ჩემს "მარწყვი ბარათზე" 0 თეთრი იყო, მერე რაც მოხდა გაგაოცებთ.

5. ახლაც მახსოვს რკინის ხიდზე რო გადმოდიოდა მისი მბზინავი ლაკის ტუფლები და მათი კაკუნის ხმა... "ზავიძენიაში" (ასე მითხრა ზუსტად) წავიდეთ, ძაააან კაი ოსტრს აკეთებენო.

6. უიღბლო არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ცუდად რაც მახსენდება. 12 წლის წინ, შეყვარებულმა, ვალენტინობას 1-ლიტრიანი ვაგზალზე ნაყიდი სუნამო მაჩუქა. ჯოჯოხეთის სუნი დაახლოებით ეგეთი წარმომიდგენია.

7. ერთადერთხელ დამპატიჟა პაემანზე შუა იანვარში რიყეზე (მაღლა). სახე რომ მქონდა ამძვრალი, არც იმჩნევდა. ცხოვრებაში არსად დავუპატიჟებივარ, არაფერი უყიდია და რომ დავშორდით — გავეღადავე მაგაზე. ჰოდა რა არაფერი გოგო, ერთხელ წყალი რომ გიყიდე, არ გახსოვსო? ხალხოო წყალიოოო, თან სინამდვილეში ეგეც კი არუყიდია.

8. იანვარი იყო, 70-იანი წლების ბოლო. სტუდენტი ვიყავი. ერთი სული მქონდა შევხვედრილიყავი და მენახა .შევხვდით. მაშინ სად უნდა დაგეპატიჟა გოგო — წამოდი კინოში-თქო. აფეთქდა — ამ ახალ წელს კინოში რა მინდაო. ვიკამათეთ და დავშორდით! თავიდან ძალიან გამიჭირდა... ვდარდობდი... ერთი წელზე მეტი გავიდა და სახლის ტელეფონზე ზარია: ლალი ვარ "დინამოს" თამაშზე ორი ბილეთი მაქვსო ("დინამო" ლივერპულს ხვდებოდა თუ კარდიფ სიტს აღარ მახსოვს). მოკლედ შევხვდი და... წავიდა ძველი გრძნობები.

მერე სამაგიერო გადავუხადე. კინო "გაზაფხულში" (ანაგის ახლანდელი შარტავას ქუჩა) წავიყვანე "მისტერ პიტკინზე".

რაღაც არაბუნებრივად იცინოდა. თურმე ტუალეტში უნდოდა გასვლა და სრცხვენოდა თქმა. მოკლედ ეწამა 2 საათი. ახლა ეს ქალბატონი ჩემი მეუღლე, ორი შვილის დედა და ოთხი შვილისშვილის ბებიაა!

9. ვალენტინობა არ ვიცი, მაგრამ ერთხელ, ერთმა ბიჭმა 10 მცნება დაგუგლა და მიკითხავდა. ახლაც მაინტერესებს რატომ, მაგრამ მაშინ არ მიკითხავს. "ლაშას მამა გარდაიცვალა"-მეთქი და სასწრაფოდ გამოვვარდი, მოგვიანებითაც აღარ ვნახე.

10. შარდენზე დამიბარა, კაბა ჩაიცვიო მითხრა. მივედი და ზეთისცხებაზე წამიყვანა. 7 საათი ვიდექი ეკლესიაში.

11. მუხათგვერდზე წამიყვანა მისი მეგობრის სასაფლაოზე, თან პირველად ვნახულობდი. გულით მითხრა, წამო ერთი ადამიანი უნდა გაგაცნოო და უარს ხო არ ეტყვი... ამიტომ ავედით და სანთელიც დავანთე.

პ.ს. ჩვენ მაინც გირჩევთ, უცნობ ადამიანებს საეჭვო შემოთავაზებაზე არ დათანხმდეთ.

12. 14 თებერვალი არ იყო, მაგრამ, რომ ჩავედი მის სანახავად (გორიდან თბილისში) დიდუბიდან ელ დეპომდე მიმაცილა (დეიდასთან ვრჩებოდი) და წავიდა. სახლში მალე უნდა წავიდე, ბიძაჩემი მელოდება, უნდა ვჭამოთო.

13. როცა შევხვდით, მინდვრის ყვავილების თაიგული მაჩუქა, რომელსაც რამოდენიმე ნარცისი ერია. ვერ ვიტან ამ ყვავილს. როცა უკვე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ავდექი და ნაგვის ურნაში მოვისროლე. საღამოს მწერს, როგორ მოუხდა ლარნაკიო. თურმე დავუნახივარ რომ გადავაგდე. P. S. უკვე ქმარია.

14. თეატრის 2 ბილეთი ვიყიდეო. აუ მეთქი ძლივს მიხვდა რაღაცას, ძლივს, მეშველა, გამოსწორების გზას დაადგა, ჭკუაზე აღარ ვარ. თან მეუბნება, ძაან მაგარი სპეკტაკლი იქნებაო. ვეკითხები: რომელ საათზე მივდივართ-თქო? და მპასუხობს: თუ ჩემი და არ წამოვიდა, ჩვენ მერე წავიდეთო.

15. კინოში ვიყავით და მთელი ეს პერიოდი ხელი ისე მედო, საშინლად დამიბუჟდა. ჰოდა ვეცადე გამოძრავება, სახესთან მომინდა ხელის მიტანა და უძალოდ ვიყავი... უცებ მოწყდა ეს ხელი და იმხელა შემოვირტყი სახეში, მომენტალურად წამოხტა.

16. გაცვლითი პროგრამით ვცხოვრობ უნივერსიტეტის დორმში და ორი სართულით ზემოთ ერთმა იტალიელმა ჭაბუკმა თავისი საფირმო პასტის გასასინჯად დამპატიჟა. ერთად უნდა მოგვემზადებინა, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ ფეხებში ვედებოდი და სანამ მე ფანჯრის რაფაზე წამოსკუპული პარმეზანს შევექცეოდი, ის ტრიალებდა სამზარეულოში.

ამასობაში, ყველის ხეხვის დროს გაუჭრია თითი, ვერ შევამჩნიეთ და სისხლი ჩაეწვეთა სოუსში. სდია კოვზით ამ სისხლს, გადაღვარა იტალიიდან ჩამოტანილი ყველის ნახევარი და დაასრულა კერძის მომზადება. აქ ვიმანჭები ხოლმე, მსმენელი ხვდება რაც მოხდა და ჩემთან ერთად ტირის. ისე იწვალა, უარის თქმა მომერიდა... საბოლოოდ, როგორც ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, პაემანზე წასულს იტალიელი შეყვარებულის ნაცვლად ძმადნაფიცი შემრჩა.

17. ჩემი "საყვარელი" პაემანი: ჩემი შეყვარებული ასტროფიზიკოსი იყო და ერთხელაც მითხრა, ძალიან მაგარი სიურპრიზი გელის ერთ კვირაშიო. უაღრესად ამაყი და გულანთებული იყო. არ გამიმხილა.

ველოდე ერთი კვირა სულმოუთქმელად. სტუდენტობის პერიოდია, ის დროა, ჩემ დაქალებს ვარდებს და ყელსაბამებს ჩუქნიან შეყვარებულები და მიდის მერე განხილვები, ვინ რომელ რესტორანში დაპატიჟეს. ჰოდა, დადგა ის ნანატრი დღეც. ჩავჯექით მანქანაში და წავედით მაგარი სიურპრიზისთვის.

აღმოჩნდა, რომ იმ დღეს რომელიღაცა 3 ვარსკვლავი უნდა განლაგებულიყო ცაზე, რომელიც ოთხ თუ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება. ეს იყო სიურპრიზი. ნისლი იყო და ვერ ვნახეთ.