გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბარის გახსნისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს. განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, ბარი კი დაილუქება. აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ზურაბ ჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად ბარი გახსნა, შრომის ინსპექცია და პოლიცია რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

ჯაფარიძის განმარტებით, თავდაპირველად, ბარი დაათვალიერეს და არკვევდნენ, ვინ არის ფართის მფლობელი, შემდეგ კი აზუსტებდნენ, ნამდვილად მას აქვს თუ არა იჯარით აღებული. როცა ეს დაადგინეს, დააჯარიმეს. ის ამ ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს და ამბობს, რომ ეს შეიძლება დროის გაწელვისთვის გამოადგეს.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე ხაზგასმით ამბობს, რომ ბარი არ დაიხურება მანამ, სანამ მას არ დააკავებენ, რაც რთულია, რადგან დეპუტატის მანდატი იცავს.

"მთავარი არის ის, რომ ბარი არ დაიხურება მანამ, სანამ ფიზიკურად მე არ გამაკავებენ რამენაირად. ჩემი გაკავება ახლა, ამ წუთში რთულია, იმიტომ რომ მაქვს დეპუტატის სტატუსი, მათი დამსახურებით. მე მოვითხოვე გაუქმება და არ გამიუქმეს. გასაჩივრებული მაქვს პარლამენტის დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ალბათ გაიწელება დროში. შესაბამისად, ბარი არ დაიხურება. მათ მოუწევთ მოსვლა და ნახვა, რომ ბარი ისევ მუშაობს, ანუ მე მეორედ ვარღვევ იგივე დადგენილებას, ამის შემდეგ მოუწევთ მიმართონ პარლამენტს, რომ გამიუქმონ მანდატი, სხვანაირად ვერ დამსჯიან. ბარის გახსნა დამჭირდა, რომ საბოლოო ჯამში მანდატი გამიუქმონ, თუ მაქამდე წავიდნენ. და ამის შემდეგ უნდა დამსაჯონ სისხლის სამართლის წესით. მოკლე შინაარსი ეს არის", — თქვა მან.

განმარტება გააკეთა ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმაც.

"შრომის ინსპექცია ახორციელებს ზედამხედველობას და მონიტორინგს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობაზე. შესაბამისად, აღმაშენებლის #45-ში დადასტურდა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზატორი იყო ფიზიკური პირი და იქნა შესაბამისი სანქცია გამოყენებული, რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და დაჯარიმდა 2 000 ლარის ოდენობით. შრომის ინსპექცია შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველა იმ არანებადართული საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც იქნება გამოვლენილი, იქნება შესაბამისი სანქცია. განმეორებითი შემთხვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ასევე, ხორციელდება ობიექტის დალუქვა", — განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

ამ დროისთვის ბარი აგრძელებს მუშაობას. On.ge-ს ჟურნალისტები ადგილზე რჩებიან და მკითხველს განახლებად ინფორმაციას მივაწვდით.

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა. მისი თქმით, ამ ფორმით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკეტება, თუ მას დააკავებენ.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და არღვევს იმ რეგულაციებს, რომლებიც, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია და ადამიანებს წაართვა სიცოცხლის უფლება.

ამ ეტაპისთვის თბილისში ბარ-რესტორნების მუშაობა კვლავ აკრძალულია. რესტორნებისთვის ღია სივრცეში მუშაობა მხოლოდ 15 თებერვლიდან იქნება ნებადართული, შაბათ-კვირის და კომენდანტის საათის გამოკლებით.

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების ნაწილი იხსნება, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არასაკმარისია და მკაცრი რეგულაციების ფარგლებში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნებით თბილისში არაერთი აქცია ჩატარდა.