საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 12 თებერვალს თანამშრომელს თავს დაესხა და ნაცემი ადამიანის სისხლიანი ფოტო Facebook-ზე გამოაქვეყნა, დაკავებულია. უწყებაში ამბობენ, რომ კაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ თანამშრომელ ქალს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე, ორ ყოფილ თანამშრომელს სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.