გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა. მისი თქმით, ამ ფორმით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკეტება, თუ მას დააკავებენ.

"ჩვეულებრივი ბარია, ყველაფერი ჩემს სახელზეა გაფორმებული და დახურვას არ ვაპირებ არც ერთ შემთხვევაში, ერთადერთი, თუ დამაკავებენ, მხოლოდ ასე შეძლებენ ფიზიკურად დახურონ ეს ბარი. ვაპირებ, რომ ვამუშაო როგორც შიდა, ისე გარე სივრცე, ადამიანები მოვიდნენ, გაერთონ და დაისვენონ, რასაც აკეთებენ ხოლმე ბარში, მათ შორის კომენდანტის საათის დროსაც კი", — ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და არღვევს იმ რეგულაციებს, რომლებიც, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია და ადამიანებს წაართვა სიცოცხლის უფლება.

"ჩვენ ვაპროტესტებთ ყველა იმ რეგულაციას და შეზღუდვას, რომელმაც გააღარიბა ადამიანები ამ ქვეყანაში, დატოვა შემოსავლის გარეშე ან შეუმცირა შემოსავალი. ჩემი აზრით, ყველა ეს შეზღუდვა არის მოსახსნელი და მოსახსნელია დაუყოვნებლივ, არც იყო შემოსაღები არცერთი", — თქვა ჯაფარიძემ.

On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, რომ ამ დროისთვის ბარი ჩვეულებრივ ფუნქციონირებს, ანუ მოდიან სტუმრები, იყიდება სასმელი და ა.შ.

ამ ეტაპისთვის თბილისში ბარ-რესტორნების მუშაობა კვლავ აკრძალულია. რესტორნებისთვის ღია სივრცეში მუშაობა მხოლოდ 15 თებერვლიდან იქნება ნებადართული, შაბათ-კვირის და კომენდანტის საათის გამოკლებით.

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების ნაწილი იხსნება, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არასაკმარისია და მკაცრი რეგულაციების ფარგლებში შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნებით თბილისში არაერთი აქცია ჩატარდა.