ქობულეთში, 14 წლის ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულ კაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს გაიმართება.

11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. პოლიციამ კაცი მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. როცა მედიაში ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შსს სავარაუდო სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებდა. იმ განცხადებაში კი, სადაც მოძალადის დაკავებაზეა საუბარი, ასევე არაფერი იყო თვითმკვლელობაზე.

დაკავებულს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში (ორი ეპიზოდი) და თვითმკვლელობამდე მიყვანა. ეს მუხლები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარზე განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა. ობმუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეზე თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით შეისწავლის.