ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ესმის რესტორნების წუხილი, მაგრამ "მათი პირველი მტერი პანდემიაა". მისი თქმით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.

"ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ ჩვენ ერთიანად ყველაფერი რომ გავხსნათ და მოვხსნათ ყველა შეზღუდვა, ამან გამოიწვიოს ნეგატიური შედეგი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, მათ უნდათ მეტი, არამარტო ღია, არამედ დახურული სივრცეებიც, შაბათ-კვირის მოხსნაც, საათების შეზღუდვის მოხსნაც. გასაგებია ეს ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენი შეზღუდვები რესტორნებსაც იცავს იმისგან, რომ მეორე დღეს ჩვენ არ მოგვიხდეს გამოთხოვა ამ ლიბერალიზაციის პოლიტიკის და შეზღუდვების ისევ დაწესება", — თქვა მინისტრმა.

15 თებერვლიდან რესტორნები და კაფეები, რომლებსაც აქვთ ღია სივრცეები, მუშაობის აღდგენას შეძლებენ. თუმცა ეკრძალებათ მუშაობა შაბათ-კვირას, ასევე, ძალაში რჩება კომენდანტის საათის შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულებებმა მუშაობა მანამდე უნდა დაასრულონ.