თითქმის დღე-ნახევრის შემდეგ საპატრიარქომ სინოდის 11 თებერვლის სხდომის განჩინება გამოაქვეყნა. ჯამში სინოდმა 12 საკითხი განიხილა.

საპატრიარქომ განჩინება გამოაქვეყნა, თუმცა რამდენიმე წუთში წაშალა. მოგვიანებით კი ისევ გამოაქვეყნა.

ძირითადი საკითხები კი იყო:

დავით გარეჯი

როგორც განჩინებიდან ვკითხულობთ, აღნიშნულ თემაზე მოკლე მიმოხილვა გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი), ხოლო ვრცელი მოხსენება წარმოადგინა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე).

წმინდა სინოდმა დაადგინა: "საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო, წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს.

სახელმწიფო საზღვრის დამდგენი მთავარი იურიდიული დოკუმენტი დღემდე არის 1996 წ. 13 ივნისის ოქმი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა აღიარებული და მასზე ხელი აქვს მოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ დადგენილი სახელმწიფო კომისიების უფლებამოსილ პირებს.

აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთა საზღვარი უნდა გაივლოს 1938 წ. მდგომარეობით, ხოლო 1938 წ. სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. ამას ამტკიცებს საქართველოს ყველა პროფესიონალი კარტოგრაფი, რომელთაც შესაბამისი სამეცნიერო უფლებამოსილება და კომპეტენცია აქვთ.

დავით გარეჯის აღნიშნულ მონაკვეთთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქო, 2007 წლიდან მოყოლებული, მუდამ აფიქსირებდა თავის პოზიციას და აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება დღემდე უცვლელია; კერძოდ, 1996 წლიდან ამ სასაზღვრო შეუთამხმებელ მონაკვეთში, ჩვენს სახელმწიფოთა შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა მხრიდან დაუშვებელია დე-ფაქტო მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად, რაც სამწუხაროდ განხორციელდა 2007 წელს მონასტერ ჩიჩხიტურთან და 2019 წელს მონასტერ უდაბნოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც სასულიერო პირებს, მომლოცველებს და გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ჩასულ პირებს აეკრძალათ ჩვენი წმინდა მონასტრების მოლოცვა-მონახულება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა.

ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა.

ასევე დაადგინეს: დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას, გააგრძელოს გადაცემათა ციკლი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით".

კორონავირუსის პანდემია

სინოდმა მოისმინა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) მოხსენება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასან დაკავშირებით. აზრი გამოთქვეს მიტროპოლიტებმა: შიომ (მუჯირი), ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), დანიელმა (დათუაშლი), ისაიამ (ჭანტურია), იოანემ (გამრეკელი), საბამ (გიგიბერია), მთავარეპისკოპოსებმა იაკობმა (იაკობიშვილმა), სპირიდონმა (აბულაძე).

წმინდა სინოდმა დაადგინა: "ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში. [...]

პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.

ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდგ საკითხებს:

  • რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში? როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა? არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?
  • პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა".

ბიბლიური თავისუფლება

სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება პოლიტიკურ ორგანიზაცია გირჩის მიერ შექმნილ საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია-ბიბლიური თავისუფლების საქმიანობის შესახებ, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ.

წმინდა სინოდმა განაჩინა: "ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი "ეპისკოპოსთა კრება" ანიჭებს "სასულიერო პირის" წოდებას და აძლევს დამადასტურებელ მოწმობას. ამ მოწმობას ითვალისწინებს სახელმწიფო და მის საფუძველზე წვევამდელებს ათავისუფლებს ჯარიდან.
ახალგაზრდების დიდი ნაწილი, სწორედ აღნიშნული მოტივის გამო გახდა ბიბლიური თავისუფლების წევრი; სინამდვილეში მათი უმრავლესობა თავს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს და ვერ აცნობიერებს, თუ რა დიდი შეცდომა აქვს დაშვებული.

საეკლესიო სწავლებით მღვდლობა წარმოადგენს ერთ-ერთ საიდუმლოთაგანს. სასულიერო პირად ხელთდასხმის საიდუმლო სრულდება საღმრთო ლიტურგიის დროს შესაბამისი ასაკის, სქესისა და მომზადების მქონე პირზე ეკლესიაში კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსის მიერ. სხვა სახით სამღვდელო პატივის მინიჭების ლეგიტიმურობას კი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს;

ასეთ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და "სასულიერო პირად" გახდომა არის ნებაყოფლობითი დატოვება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღისა, თუნდაც, რომ ეს მათ მიერ მიჩნეულ იქნეს ფორმალურ ქმედებად.

სპეკულაციები, რელიგიური დიდი დატვირთვის მქონე ცნებებით, არის მკრეხელობა და ბიბლიური თავისუფლების "ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით" "დადგენილ" "სასულიერო პირებს", მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას — საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცყოფად.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბიბლიური თავისუფლების წევრებს ეკრძალებათ როგორც წმინდა ზიარება, ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში (ნათლობა, ჯვრისწერა, შვიდგზის ზეთიცხება...) მონაწილეობის მიღება, ვიდრე არ შეინანებენ აღნიშნულ ცოდვას, არ გაივლიან შესაბამისი ეპიტიმიის პერიოდს და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნების პროცედურას.

შევნიშნავთ, რომ მონანიების გარეშე, გარდაცვალების შემთხვევაში, მათზე ვერც წესის აგება შესრულდება და მათ სახელებს ღვსმსახურებისას ეკლესია ვერ მოიხსენიებს, რადგან, ნებსით თუ უნებლიედ, თვითონ განუდგნენ მას".

დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ

სინოდზე მოისმინეს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მოხსენება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის შესახებ. როგორც განჩინებაშია აღნიშნული, ის საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს მასმედიის საშუალებით (რის გამოც მმართველი მღვდელმთავრის მიერ დროებითი სასჯელიც ჰქონდა დადებული).

ყურადღება, ასევე, გამახვილდა 2020 წელს მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დიაკონ ირაკლის (ჯინჯოლავას) გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანხმობის გარეშე განხორციელდა.

წმიდა სინოდმა განაჩინა:

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სინოდალურმა კომისიამ მოისმინოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპიკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოების მმართველის, ზენონის (იარაჯული) პოზიცია შემდგომი რეაგირებისათვის.

ცვლილებები ჭყონდიდის ეპარქიაში

განჩინებიდან იკითხება, რომ ჭყონდიდის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ითხოვა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ, რაც სინოდმა დაუკამყოფილა და წალკის ეპარქიის მმართველად დაადგინა.

ხოლო ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტი სტეფანი დაადგინეს, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობას შეითავსებს.

ილია მეორის გადაყენება

სინოდზე განიხილეს განცხადება პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით.

"ითქვა, რომ ამ ადამაინებს უკვე ჩვეულებად ექცა ცილისწამება ეკლესიისა და მის იერარქთა მიმართ. იკვეთება, მათი მიზანმიმართული საქციელი, ცრუ ინფორმაციის საფუძველზე მიაღწიონ პოპულიზმს, გააღიზიანონ საზოგადოება და მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია.
აღინიშნა, რომ მათი მოქმედება არის უპსუხისმგებლო და ქრისტიანისთვის სრულიად შეუფერებელი", — ნათქამია სხდომის განჩინებაში.

პეტრე ცაავა

სინოდმა განაჩინა, რომ უნდა შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას:

"ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას".