უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასა და 12-წლიან სასჯელს გმობს. უკრაინა მოითხოვს რუსეთისგან, რომ უკანონო პატიმარი გაათავისუფლონ.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

"გადაწყვეტილება" ასევე ადასტურებს რუსეთის ჭეშმარიტ ზრახვებს, მოახდინოს დესტაბილიზაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სრულიად რეგიონში", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთი ჰუმანიტარული საკითხებს პოლიტიზებას ახდენს და ადამიანის ბედით თამაშობს. უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ მას შეწყვიტოს აგრესია საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა, 5 თებერვალს მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

გაიგეთ მეტი: