ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ნათესავების მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სექსუალური ძალადობის შესახებ ბავშის ბიძებმა გაიგეს, მასზე ფიზიკურად იძალადეს.

"მე ამ ყველაფერს პოლიციას ვაჩვენებ, რომ სოცმუშაკს ვემუდარე, მე ინფორმაცია მომდის, რომ შვილებზე ზეწოლაა, ბავშებს აწვალებდნენ. ჩემი მამამთილი არის ფსიქოლოგიურად დაავადებული ადამიანი. როცა დათვრება, ხელის დარტყმა არა, მაგრამ ცუდი სიტყვები, ფსიქოლოგიურად [ძალადობა].

ფიზიკურად შეეხნენ, როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს. იმ დღეს, სანამ პოლიციაში წამოიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს, ჩემი მამამთილის ძმისშვილებმა. ყველაფერი ბავშვმა მომიყვა. ამის შემდეგ წაიყვანეს [პოლიციაში]", — ამბობს ის.

ქალი აღნიშნავს იმასაც, რომ ექსპერტიზაზე ყოფნის დროს ბავშვს სხეულზე დალურჯებები ეტყობოდა.

"ხომ წაიყვანეს ბავშვი თბილისში ექსპერტიზაზე, გაუპატიურებული არის თუ არაო, თან ნახეს, რომ მთელი სხეული ჰქონდა ბავშვს დალურჯებული. მეორე დღეს შვილი რომ მელაპარაკებოდა, ასე მეუბნებოდა — თავზე ხელს ვერ ვიკარებ, მტკივა ბალიშზე რომ ვდებ თავსო", — ჰყვება ის.

გარდაცვლილის დედის განცხადებით, თურქეთში იმყოფებოდა, როცა მომხდარის შესახებ გაიგო. მისი თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ იცოდნენ როგორც საგამოძიებო უწყებამ, ასევე, სოციალურმა მუშაკმა, თუმცა ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ გოგოს თვითმკვლელობიდან ერთი დღის შემდეგ დააკავა.

"რა მნიშვნელობა აქვს პოლიციისთვის მიმართვას, როცა ორი თვე გაწელეს საქმე. ხომ შეიძლებოდა სასწრაფოდ ეს ბიჭი დაეჭირათ და ჩემი შვილი ჩემთან გამოეგზავნათ. დღეს ცოცხალი იქნებოდა", — თქვა მან.

იგი ამბობს იმასაც, რომ მას ბრალდებული დაემუქრა და სარჩელის უკან გატანა მოსთხოვა.

"მონაცემები ყველაფერი მომდიოდა, რომ მაგ ბიჭს [ბრალდებულს] ჰყავდა დამცველი ისეთი, რომ ფულს იხდიდა და ასე იცავდა თავს [...] რომ დამირეკა, ის მითხრა, შენმა შვილმა საჩივარი გამოიტანოს, თორემ ციხეში რომ ჩავჯდები და გამოვალ, იცოდე, მთელს ცეცხლაძეებს მოვკლავო. ეს ყველაფერი პოლიციისთვის მიცემული მაქვს", — აცხადებს იგი.

11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი 14 წლის გოგოა, რომელმაც 10 თებერვალს თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ როცა მედიაში ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შსს სავარაუდო სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებდა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი, სადაც მოძალადის დაკავებაზეა საუბარი, ასევე არაფერია ნათქვამი თვითმკვლელობაზე.

მომხდარზე განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა. ობმუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეზე თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით შეისწავლის.