"ირაკლი კობახიძე არის ქართული ოცნების გუნდის ღირსეული ლიდერი და ჩემი კარგი მეგობარი, ამით ეს სპეკულაციები უნდა დასრულდეს", — ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გავრცელებულ ინფორმაციას მასსა და კობახიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე.

გახარიას თქმით, მედიას ამ ჭორებისთვის არ აქვს საფუძველი გარდა იმისა, რომ პოლიტსაბჭოს ვერ ესწრება, რასაც ის მისი გრაფიკით ხსნის.

"ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება საკმაოდ სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა ხდება საკმაოდ ადრე. ბევრი საქმეა ქვეყანაში", — განაცხადა მან.

გახარიას მტკიცებით, ის და აღმასრულებელი ხელისუფლება მხარს უჭერენ ირაკლი კობახიძეს, ისევე, როგორც ქართული ოცნება უჭერს მას მხარს.

"მე ამას ვერ ვგრძნობ [მის წინააღმდეგ ბრძოლას]. მე ვგრძნობ სრულ მხარდამჭერას ჩემი გუნდის მხრიდან და ეს მხარდაჭერა მაძლევს იმ ძალას, რომ ვიყო ეფექტური იმისთვის, რომ ის პრობლემები, რომელიც ჩამოვთვალე, გადავწყვიტო. თქვენ შეიძლება ეს გეჩვენებათ, მე ამას ვერ ვგრძნობ.

მე ამას აღვიქვამ როგორც ჭორაობას. მე ვგრძნობ და მაქვს სრული მხარდამჭერა ჩემი გუნდის, ისევე, როგორც ირაკლი კობახიძეს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს აქვს სრული მხარდაჭერა ჩემი და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა მედიასა და პოლიტიკურ წრეებში ტრიალებს აზრი, რომ მასსა და გახარიას კლანებს შორის დაპირისპირებაა. ამის არგუმენტად გამოიყენება ისიც, რომ პარტიულ და სახელისუფლებო თანამდებობებზე ცვლილებებია. ვრცელდება ინფორმაცია გახარიასა და შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურს შორის დაპირისპირებაზეც, თუმცა "ოცნების" ლიდერები ამასაც უარყოფენ.