რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სანქციების გამკაცრების შემთხვევაში რუსეთი მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობები გაწყვიტოს. ამის შესახებ მან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომლის ფრაგმენტიც ჟურნალისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა გაავრცელა.

"ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მზად ვართ", — უპასუხა ლავროვმა სოლოვიოვის კითხვას, მიდის თუ არა რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტაზე.

"თუ კიდევ ერთხელ დავინახავთ, როგორც არაერთხელ ვიგრძენით, რომ რაღაც სფეროებში დაწესდება სანქციები, რომლებიც რისკს უქმნის ჩვენს ეკონომიკას, მათ შორის, ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში — დიახ. ჩვენ არ გვსურს მსოფლიო ცხოვრებისგან იზოლირება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყო. თუ გსურს მშვიდობა, ომისთვის ემზადე", — განაცხადა მინისტრმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დევნის ფონზე რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ყველაზე დაბა ნიშნულზე დავიდა. გარდა ამისა, მან არ გამორიცხა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდეს.