პარტია გირჩის რელიგიური ორგანიზაციის, ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახურის, ლევან ჯგერენაიას თქმით, მათი მღვდელმსახურებისთვის მართლმადიდებლურ რიტუალებში მონაწილეობის აკრძალვით სინოდმა დაადასტურა, რომ ბიბლიური თავისუფლება მართლაც რელიგიური გაერთიანებაა.

"ჩვენს მღვდელმსახურებს აშინებდნენ იმით, რომ ეს არ არის რელიგიური ორგანიზაცია და ახლა ჯარში წაგიყვანთ იძულებით. ამ მექანიზმს ბიუროკრატები ვეღარ გამოიყენებენ. ამ თვალსაზრისით, სინოდი, პრინციპში, ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ, მართლაც, რელიგიური გაერთიანება", — განაცხადა ლევან ჯგერენაიამ რუსთავი 2-თან საუბარში.

გუშინ, 11 თებერვალს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, დანიელიმა განაცხადა, რომ ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურებს აღარ ექნებათ მართლმადიდებლური ეკლესიის რიტუალებში მონაწილეობის უფლება.

ბიბლიური თავისუფლება პარტია გირჩმა 2017 წელს დააფუძნა. რელიგიური ორგანიზაციის შექმნის მიზანი ადამიანებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დახმარებაა, ვინაიდან კანონი სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალებას აძლევს. ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ.