ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისთვის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა. იმის გამო, რომ მელია ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატია, მას იმუნიტეტი იცავს.

გენერალურ პროკურატურას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება იმისთვის, რომ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. იმუნიტეტის მოხსნი საკითხი კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.

5 თებერვალს, გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების, გირაოს პირობების შესრულებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავდა.

უწყების ცნობით, "მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად საკმარისია, აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა".

მელია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილ გირაოს არ გადაიხდის და სხვასაც უკრძალავს მისთვის თანხის შეგროვებას. მმართველი გუნდი კი ამტკიცებდა, რომ მელიას თანხას სხვა გადაიხდის.

ამავე საქმეზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა პროკურატურამ 2019 წლის ივნისშიც მიმართა. მაშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და პროკურატურას მისი დაკავების უფლება თუმცა სასამართლომ მას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.

2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

2020 წლის 1 ნოემბერს არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა და განაცხადა რომ მას აღარ გაიკეთებდა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 ათას ლარამდე მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობად 70 ათასი ლარი შეეფარდა.