მეუფე ვახტანგის განცხადებით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილზე სავაჭრო ცენტრში თავდასხმა "მიუღებელი" იყო. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ეს უკვე დანაშაულია, არ უნდა ხდებოდეს, ეს რას ჰგავს, ეს არის ძალიან ცუდი და მიუღებელი. ეს არის შეურაცხყოფა სახალხოდ. ამის უფლება არავის უნდა ჰქონდეს და ამაზე უნდა იფიქროს სამართალდამცავებმა, რაღაც რეაქცია უნდა მოჰყვეს", — განაცხადა მან.

1-ელ თებერვალს ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა. აღნიშნულს მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც მშვენიერაძის განცხადებით, საკუთარი "პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ".