შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით ე.წ. კომენდანტის საათის დროს მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეები "სისტემის უმოქმედობას" აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეზე ყველა შესაბამისი პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

"პრაქტიკულად ეს არის შინაგან საქმეთა სამინიტროს უმოქმედობის შედეგი, როცა მასზე სექსუალური მოძალადე პირი არ დააკავეს თავის დროზე, საქმის წარმოება არ მოხდა დროულად, კანონის ფარგლებში. ჩვენი მთავარი გზავნილია მკვლელი სისტემა დაინგრეს ამ ქვეყანაში. შსს-ს მივმართავთ, რომ ყველა ის სამართალდამცავი, რომელმაც უმოქმედობით ჩაიდინა დანაშაული, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, ასევე, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი 14 წლის გოგოა, რომელმაც გუშინ თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ როცა მედიაში ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შსს სავარაუდო სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებდა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი, სადაც მოძალადის დაკავებაზეა საუბარი, ასევე არაფერია ნათქვამი თვითმკვლელობაზე.