ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის განცხადებით, სინოდზე ერთ-ერთ საკითხად ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურები განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ მათ აღარ ექნებათ მარლდმადიდებელი ეკლესიის რიტუალებში მონაწილოების უფლება.

"შემდეგი საკითხი იყო, შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლება, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესისისათვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას და ეკლესია აფრთხილებს ყველას, რომ ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, მას აღარ ექნება უფლება, მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება და სხვა", — განუცხადა მან საპატრიარქოს ტელევიზიას.

სინოდის სხდომა დღეს, 11 თებერვალს გაიმართა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, განსახილველ თემებს შორის იყო დავით გარეჯის და ვაქცინაციის საკითხი.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავას განცხადებით, სინოდმა განიხილა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქის გადაყენება იგეგმება. მან ამ ინფორმაციას ცილისწამება უწოდა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, ანტონის განცხადებით, სინოდის სხდომაზე რამდენიმე მოძღვრისა და თეოლოგის განცხადებები განიხილეს, რასაც ის "ეკლესიისადმი მტრული ძალების" გააქტიურებას უწოდებს. მისი თქმით, თეოლოგები ხალხს ეკლესიას აშორებენ და "გველმა ბულბული რომ დაირქვას, ამითი გველი მის თვისებას არ იცვლის, გინდა თეოლოგი დაირქვას, გინდა ასოციაცია".

გაიგეთ მეტი: