ონლაინ მაღაზია Mymarket-ში აცხადებენ, რომ რამდენიმე კვირაა მათ მომხმარებლებზე თაღლითური ჯგუფი შეტევას ახორციელებს. როგორც კომპანიაში On.ge-ს უთხრეს, კიბერთავდასხმის შედეგად მათ უკვე 200-მდე დაზარალებულმა მომხმარებელმა მიმართა.

"არაერთ მომხმარებელს მიადგა მატერიალური ზიანი. თაღლითური ჯგუფი ნდობის მოსაპოვებლად უკვე იყენებს Mymarket-ის ვიზუალურ სტილთან მიახლოებულ ვებგვერდს. სქემის მიხედვით, თაღლითები განცხადების ავტორებს უკავშირდებიან და სთხოვენ გასაყიდი ნივთის ფოსტით გაგზავნას, თანხის მისაღებად კი ბარათის მონაცემების ვებგვერდზე შეყვანას, რომელიც საფოსტო კომპანიის ან Mymarket- ის ვებგვერდის იდენტურია, თუმცა არარეალური", — აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, კომპანია არსებულ რესურსს სრულად იყენებს და ვიზიტორებს თაღლითური სქემის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

"ყველა პირს, რომელიც Mymarket-თან არის კავშირში მუდმივად ვაფრთხილებთ SMS შეტყობინების სახით. ჩვენს მომხმარებელთან რეკავს ჩვენი ვირტუალური ასისტენტი და მოსალოდნელ საფრთხეს და მისგან თავის ასარიდებელ გზებს დეტალურად უხსნის.

Mymarket მომხმარებლებს მოუწოდებს თაღლითობისგან თავის ასარიდებლად თავი შეიკავონ:

  • საეჭვო ვებგვერდებზე საბანკო მონაცემების შევსებისგან, მიუხედავად
    იმისა, თუ მათი ვებ მისამართი და დიზაინი Mymarket-ის ან საფოსტო
    კომპანიის ვებგვერდთან მიმსგავსებულია;
  • მობილური კოდების შეყვანისგან;
  • სხვა იმგვარი ინფორმაციის გადაცემისგან, რომელმაც შეიძლება
    მატერიალური ზიანი მოგაყენოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მე-2 "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს. საქმეზე გამოძიება, ასევე, სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.