ტეილორ სვიფტმა საკუთარ ალბომს Fearless ახალი სიცოცხლე აჩუქა. ყოფილი ლეიბლის — Big Machine-ის — ქვეშ 2008 წელს გამოშვებული ალბომი სულ მალე განახლებული სახით იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ მომღერალმა გულშემატკივრებს სოციალურ მედიაში შეატყობინა და ალბომის გარეკანიც გაასაჯაროვა.

როგორც სვიფტმა განაცხადა, 13 წლის წინ გამოსული ალბომისგან განსხვავებით (რომელშიც 13 სიმღერა შედიოდა) ახალი ალბომი, სახელწოდებით, Fearless: ტეილორის ვერსია, 26 სიმღერას მოიცავს, მათ შორის 6 კი აქამდე გამოუქვეყნებელი სინგლებია.

"Fearless მაგიითა და ცნობისმოყვარეობით, ახალგაზრდული ნეტარებითა და იმედგაცრუებით სავსე ალბომი იყო", — წერს მომღერალი, — "ეს იყო დღიური და მოგზაურობა მოზარდი გოგოსი, რომელიც ფილმებში ნანახ ზღაპრის აბსურდულ დასასრულებში ხარვეზების შემჩნევით პატარ-პატარა გაკვეთილებს სწავლობდა".

განახლებული ალბომიდან პირველი სიმღერა, Love Story, 11 თებერვალს გამოვა. ამ სიმღერის ერთ-ერთი რემიქსი გასული წლის ზაფხულში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ტიკტოკზე — პლატფორმაზე იგი მილიონზე მეტ ვიდეოში გამოიყენეს. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმღერის ახალი ვერსიიდან ნაწყვეტი ჩვენ უკვე მოვისმინეთ შარშანდელ რეკლამაში, სადაც სატანას და 2020 წელს ერთმანეთი უყვარდებათ.

როგორც ცნობილია, მომღერალი ყოფილი ლეიბლის ქვეშ გამოსული ექვსივე ალბომის თავიდან ჩაწერასა და გამოშვებას აპირებს. ამის მიზეზი საავტორო უფლებებზე შექმნილი უთანხმოებაა — ლეიბლი სრულად ფლობდა უფლებებს ტეილორის შექმნილ სიმღერებზე, მომღერლის ინტერესები კი, მათ შორის კონცერტებზე სიმღერების შესრულება, დიდწილად შეზღუდული იყო.

"ბევრი მისაუბრია, რატომ ვაპირებ პირველი ექვსი ალბომის თავიდან ჩაწერას", — ამბობს სვიფტი, — "თუმცა, ვიმედოვნებ, ის გზა, რომელიც ამის განსახორციელებლად ავირჩიე, ჩემს წარმომავლობას გაუსვამს ხაზს. ხელოვანებს საკუთარი შემოქმედება უნდა ეკუთვნოდეთ ძალიან ბევრი მიზეზის გამო, თუმცა მათგან ყველაზე აშკარა ისაა, რომ თავად ხელოვანზე უკეთ არავინ იცნობს მის აგებულებას".

როგორც მომღერალი აღნიშნავს, სიმღერების თავიდან ჩაწერის პროცესი მისთვის იმაზე სასიამოვნო და ემოციური აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. სვიფტი იმედოვნებს, რომ მისი მსმენელებიც ისეთივე სიამოვნებას მიიღებენ განახლებული ალბომისგან, როგორიც თავად მიიღო წარსულში დაბრუნებით.