ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, ანტონის განცხადებით, სინოდის სხდომაზე რამდენიმე მოძღვრისა და თეოლოგის განცხადებები განიხილეს, რასაც ის "ეკლესიისადმი მტრული ძალების" გააქტიურებას უწოდებს. მისი თქმით, თეოლოგები ხალხს ეკლესიას აშორებენ და "გველმა ბულბული რომ დაირქვას, ამითი გველი მის თვისებას არ იცვლის, გინდა თეოლოგი დაირქვას, გინდა ასოციაცია".

"შევეხეთ კიდე რამდენიმე მოძღვრის ძალიან ისეთ გამოსვლას. ამ ბოლო დროს ძალიან მომძლავრდა ეკლესიისადმი მტრული განწყობილი ძალების გააქტიურება. რას ემსახურება ესენი, თითქოს, არ ვიცი ამათ სამშობლო უყვართ, ქვეყანა უყვართ, რისი თქმა სურთ ამითი, ვითომ მამხილებელი არიან.

რა თქმა უნდა, ახლა, ფაქტობრივად, გველმა ბულბული რომ დაირქვას, ამითი გველი მის თვისებას არ იცვლის და გინდა თეოლოგი დაირქვი და გინდ ასოციაცია დაირქვი, ასეთი ადამიანები უფრო მეტს აკეთებენ იმისათვის, რომ ეკლესიაში არ მოვიდეს ახალგაზრდობა, ვიდრე... ზოგადად თეოლოგიის დანიშნულება არის ადამიანებს შეაყვაროს ღმერთი და ესენი პირიქით კი არ აყვარებენ ღმერთს, არამედ მღვდელთან მისასვლელ ყველა გზას უკეტავენ", — განუცხადა მან საპატრიარქოს ტელევიზიას სხდომის შემდეგ.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რამდენიმე საათში ოქმის სახით გავრცელდება სინოდის განჩინება. მან მოკლედ ისაუბრა განსახილველ თემებზე და განაცხადა, რომ მათ შორის იყო დავით გარეჯის და ვაქცინაციის საკითხი.