პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კარგია, თუ რესპუბლიკურ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში შესვლის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ, მისივე თქმით, პარლამენტი ერთჯერადი გამოყენების არ არის.

"კარგია, თუ რესპუბლიკელებს უკვე გაუჩნდათ სურვილი, პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, პარლამენტი ერთჯერადი გამოყენების არ არის. თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და ბედი და არა ის საკითხები, რომლებიც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, სასურველი და აუცილებელია, ოპოზიცია ასეთი საკითხების განხილვასაც ესწრებოდეს", — განაცხადა ხუნდაძემ.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ გუშინ, 10 თებერვალს განაცხადა, რომ თუ ქართული ოცნება პარლამენტში უბარიერო პროპორციული არჩევნების კანონპროექტს დააინიცირებს, რესპუბლიკური პარტია მანდატს ერთჯერადად გამოიყენებს და კანონპროექტს კენჭისყრისას მხარს დაუჭერს.