ისტორიები ანტიგმირებზე, რომლებიც ოდესღაც მეგობრები იყვნენ, მრავლად გვხდება წიგნებში, ფოლკლორში, მითოლოგიაში, ისტორიკოსების მიერ ჩვენამდე მოტანილ ამბებში, ფილმებში...

ლუციფერი ერთ დროს ღმერთის უახლოესი გარემოცვიდან იყო. მწვანე გობლინად ქცეული ჰარი ოსბორნი თავიდან პიტერ პარკერის, aka სპაიდერმენის საუკეთესო მეგობრად გავიცანით. იულიუს კეისარის ერთ-ერთი მკვლელი ასევე მისი მეგობარი, ბრუტუსი გახლდათ.

რაზე ვლაპარაკობთ, როცა ვლაპარაკობთ ღალატზე? ან რას ვგრძნობთ, როცა გვღალატობენ? ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და არცერთი გამოცდილებაა უნივერსალური. მე ვიცი, რომ ამ დროს მთავარი საკუთარ თავის უპირობო სიყვარული და მტკივნეული გამოცდილებიდან გამოსასვლელი ბილიკის პოვნაა. და რადგან ეს ბილიკი არსებობს, მთავარია მას მივყვეთ და საკუთარი ხმა და სიძლიერე დავიბრუნოთ.

1. There is a way out of the woods

ფოტო: Big Machine Label Group

მაშინ ვერ ვხვდებით, მაგრამ თავიდანვე იმის გადაწყვეტა, რომ ტკივილს დასასრული აქვს და გადავრჩებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საკმარისად ამაყები ვართ, რომ სხვა ადამიანის საქციელი, რომელსაც ვერასდროს გავაკონტროლებდით, ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელ მოვლენად ვაქციოთ.

წარმოიდგინე შორეული ნაპირი, სადაც შენი საუკეთესო ვერსია გელოდება. შენ მხოლოდ იქამდე მისასვლელი გზა უნდა იპოვო და მაგ გზას დაადგე.

2. სიტუაციისგან გარიდება

ეს მოგზაურობა სწორხაზოვანი, მარტივი ან უშეცდომო არაა, თუმცა, არაუშავს. შეიძლება იფიქრო, რომ წასასვლელი არსად გაქვს, მომავალი ბუნდოვანი და საზარელი ჩანს, მაგრამ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ახლა რომ ვფიქრდები, 1 წლის წინ, ჩაკეტილობის და პანდემიის დასაწყისის ფონზე ამ გზის გავლა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. მაგრამ, მთავარია უკეთესის გჯეროდეს და ერთ დღეს საკუთარი თავით აუცილებლად იამაყებ.

3. ემოციური ნაღმების გაუვნებელყოფა

მახსოვს, როგორ ჩამოვწერე ყველაფერი, რაც ისედაც ფონადგავლებული უხალისობის დროს დამატებით "მათრიგერებდა". დაახლოებით, ასეთი სია იყო:

  • სხვების გამუდმებული კითხვები;
  • სოციალურ ქსელებში დატოვება და მის ფოტოზე ინსტაგრამის სთორის ფერადი ზოლის დანახვა. გულს რომ გიჩერებს და გახსნას ვერ ბედავ. ამ დროს შეგიძლია უბრალოდ წაშალო, ან mute ფუნქცია გამოიყენო და საკუთარი თავი არასასურველი ინფორმაციისგან დაიცვა;
  • ნივთები, რომლებიც კარგ მომენტებს გაგახსენებს; აქვე რჩევა: ყველაფერს ნუ გააჩუქებ, რამდენიმე თვის მერე შეიძლება მის ნაჩუქარ ნივთებს გამოყენება უპოვო.

4. წერა

შეიძლება კომუნიკაცია არ გაკლდეს, მეგობრებთანაც გადაბმულად ატარებდე დღეებს, თერაპევტთანაც დადიოდე, მაგრამ შენი თავი შენს მეტს არავის აბარია. რაღაც დროს მარტო რჩები და ფიქრები, რომლებიც არ გასვენებს, სჯობს სადმე გადაიტანო.

ამ პროცესში ყოფილ პარტნიორს გონებაში ორ ადამიანად ჰყოფ — რომელიც მანამდე და მერე იყო და ახლისგან დისტანცირებას სწავლობ. მაგალითად მე, ჩანაწერებს ინგლისურად ვაკეთებდი და ერთ დღეს დავაფიქსირე, რომ თხრობა "you"-დან "he"-ზე ტრანსფორმირდა.

დგება მომენტი, როცა აცნობიერებ, რომ უკვე უცნობი ადამიანია და მაგ განცდას მშვიდად ხვდები. იმასაც აფასებ, გიღირს თუ არა მასთან მეგობრობა, და თუ არა, ცხოვრებიდან და გულიდან გაშვების შემდეგ სოციალური ქსელებიდანაც შლი. შეიძლება ბედნიერებაც კი უსურვო.

5. მთავარი შენი ისტორიაა

ფოტო: Daniel Creel / Dribbble

კი, სამყარო შენ გარშემო ტრიალებს და არა მის გარშემო. დაბადებიდან ასეა ყველას ცხოვრებაში. საკუთარ თავებზე მნიშვნელოვანი არავინ გვყავს. როგორც კრისტინა იანგი იტყოდა, "შენ ხარ მზე და არა ის". პრიორიტეტულობის განცდა ურთიერთობის დროსაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ამ დროს რა შეიძლება დაგეხმაროს:

  • შენ თავზე კონცენტრირება — იმის გახსენება, რა გიყვარდა მარტო ყოფნისას;
  • მთელი დრო მარტო შენ გეკუთვნის, ყოველი საღამო გცალია და რასაც გინდა, იმას იზამ;
  • დავიწყებული სიმღერების მოსმენა;
  • ცურვა;
  • შენი ფოტოების თვალიერება — როგორი იყავი, სანამ გაიცნობდი.

გაიაზრებ, რომ ბედნიერება მის გარეშეც არსებობდა და ისევ იარსებებს; სულ იმსახურებდი სიყვარულს და ერთგულებას და ახლაც იმსახურებ. თუ მისი საქციელი თვითშეფასებაზე მოქმედებს, მხოლოდ იმიტომ, რომ შენს თვითშეფასებამდე გზა უნებლიეთ თავად გაუკვალე და მის გადაწყვეტილებებს მიაბი. ეგ არაფერი, თავისუფლად სუნთქვას შეძლებ და მაგას არაფერი ჯობია.

პ.ს. ამ სიაში მოგზაურობაც იქნებოდა, პანდემია რომ არ იყოს.

6. შენი ბრალი არაა, რაც მოხდა

ფოტო: Monika Aahelee

მიზეზები იმ ადამიანებსაც აქვთ, რომლებიც ერთგულებისა და სიყვარულის პირობებს არღვევენ და საკუთარ შიშებად იქცევიან. ზოგი იაზრებს და აღიარებას ახერხებს. ზოგჯერ, პირიქითაც ხდება — თავს იმართლებენ და ისე გესაუბრებიან, რომ საბოლოოდ თავი შენ იგრძნო დამნაშავედ. თითქოს შენ გამოიწვიე მათი საქციელი. სინამდვილეში მანიპულირებენ, რადგან საერთოდ არაა შენი პრობლემა, თუ ერთგულები არ იყვნენ. მათი გადაწყვეტილებები შენი ბრალი არაა.

ისინი თავად ირჩევენ ურთიერთობიდან გასვლის მარტივ გზა, ამ პრობლემებით გადადიან ახალ ეტაპზე და გზადაგზა ცდილობენ პრობლემებთან გამკლავებას. ზოგს პირიქით — საკუთარ თავთან ყოფნა და ემოციების გაცნობიერება ეხმარება ჭრილობების მოშუშებაში.

7. არც მესამეს ბრალია

ეს ყველაზე მარტივი ამბავია. მესამეს ბრალი არაა და არც შენთან მიუძღვის რამე დანაშაული. დაუწერელ კანონებსა და სხვების შექმნილ მორალს ნუ ირწმუნებ. ვერ მოსთხოვ უცნობ ადამიანს, თავს სხვისი სიყვარული აუკრძალოს. ადამიანები არ გვეკუთვნიან.

არ არსებობს "ის ცუდი და მე კარგი". ისევე, როგორც არ არსებობს "ის კარგი და მე ცუდი". ამის გაცნობიერების გარეშე, პრობლემების ძიებას განაგრძობ, საკუთარ თავთან მიხვალ და შეიძლება დაეჭვდე, რომ მიზეზი შენშია. მეტოქეობას დამანგრეველი ეფექტი აქვს, რაც არაფერში გვარგია ქალებს ამ სამყაროში.

8. თავს ემოციები არ აუკრძალო

ფოტო: Sony Music

შეგიძლია მეგობართან უკანასკნელი სიტყვებით შეამკო და მეორე წამს ეგ ყველაზე ტოქსიკური ადამიანი ან მასთან გატარებული მომენტები მოგენატროს. არაუშავს. ემოციები ტალღებივით მოვა და წავა და მათ აკრძალვებით ვერ შეაჩერებ. გლოვას თავისი ეტაპი აქვს, მაგრამ ამით უკან არ ბრუნდები და ამ დროსაც კი, ყოველი დღე პროგრესია, მაგას იმწუთას აცნობიერებ თუ არა.

რაღაც დროს ნაპირზე გახვალ და აღმოაჩენ, რომ დილას პოზიტიური ფიქრით იწყებ.

9. საკუთარი თავის იმედად ხარ

ფოტო: Marvel

როგორც ცნობილი მიმი ამბობს, sex is great and all, მაგრამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ ფეხზე ნელ-ნელა რომ დგები, როგორც ფენიქსი აღდგა ფერფლიდან, მაგ განცდას არაფერი სჯობს.

ეს პროცესი საკუთარ თავში მოგზაურობას ჰგავს. იზრდები და სწავლობ. რაც უფრო ძლიერია შტორმი, მით უფრო კაშკაშაა ცისარტყელა.

საკუთარ თავს თავიდან ქმნი, შენი გზა იმ ფერებითაა დაწნული, რომელიც გიყვარს, თავისუფალი ხარ, დამოუკიდებული, შენს თავზე მხოლოდ შენ ზრუნავ და იმედსაც ვერავინ გიცრუებს.

შუაღამისას მაღაზიაში მარტო ჩარბიხარ (თუ კომენდანტის საათი არ გიშლის ხელს), საღამოობით მარტოც სეირნობ, მეგობრებთან ერთად სკუტერით აღმა-დაღმა დადიხარ, რაღაც დროს იმ სერიალების ახალი სეზონებსაც ნახულობ, ადრე ერთად რომ უყურებდით. ერთი წლის შემდეგ უგემრიელეს ჩაის მარტო შენს თავსაც უმზადებ და ხვდები, რომ მარტოობა ძალიან მაგარი რამაა.

10. იმდენი ილაპარაკე, რამდენიც გინდა

ლაპარაკი მნიშვნელოვანია, მაგრამ იმდენი, რამდენიც გინდა. ყველას შეგიძლია აუკრძალო ყოფილზე კითხვები, ან ინფორმაციის შენთვის გაზიარება, თუ თავად არ მოგინდება რამის თქმა ან გაგება. მოულოდნელი შეხსენებები, განსაკუთრებით პირველ თვეებში, როცა შინაგანი ემოციური სტაბილურობა დაკარგული გაქვს, დამატებითი ემოციური ნაღმია.

თუმცა სულ ასე არ იქნება. დრო გავა, ბრაზი გაივლის და ერთ დღეს მიხვდები, რომ კარგმა მოგონებებმაც შეიძლება იარსებოს, რაც მერე მოხდა იმისგან დამოუკიდებლად.

ბონუსი: უყურე Friends-ს საყვარელ ადამიანებთან ერთად

ეს სერიალი ბედნიერების ემოციების დაბრუნებაში და რთული პერიოდის სიცილ-ხარხარში გადატანაში შეიძლება დაგეხმაროს. ასევე კარგი იქნება რაღაც დროით მხოლოდ იმ ადამიანების ან ოთხფეხა მეგობრების გარემოცვაში ყოფნა, ვისგანაც უპირობო სიყვარულს მიიღებ.


დასრულებული ურთიერთობის დასაწყისის გახსენება სევდიანია — მაშინ ყველაფერი იდეალურად გეჩვენება და ვერც წარმოიდგენ, რომ უახლოესი ადამიანი, რომელსაც თითქმის საკუთარ თავზე მეტად ენდობი, რამდენიმე წლის შემდეგ უცნობად იქცევა.

ღალატის გაგონებისას თავში პირველად ხუმრობადნაქცევი ფრაზა — "რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?" — მომდის. მაშინ, როდესაც ამ გამოცდილების წინაშე თავად აღმოვჩნდი, ჯანსაღი დისკუსია ყველაზე მეტად მაკლდა. ღალატზე ლაპარაკი მტკივნეულია, მას თან ახლავს უნდობლობის, ან შიშის განცდა, რომ შეიძლება შენმა გარემოცვამაც იფიქროს, რომ "საკმარისად კარგი" არ იყავი. აქვე ვიტყვი, რომ ეს ფიქრები ემოციური ფონის შედეგიცაა და რეალობას ნაკლებად ასახავს.

შეიძლება სტატიაში შენი გამოცდილების შესაბამისი ისტორია ამოიკითხე, ან — ვერც. მაგრამ გახსოვდეს, რომ დასასრული ხანდახან დასაწყისია, ცვლილებები ყოველთვის ცუდი არაა. საკუთარი თავისთვის დროის დათმობა კი მის უკეთ გაცნობაში და შესაძლებლობების გაგებაში გეხმარება. აუცილებლად დადგება დღე, როცა ეს ისტორია წარსულ ამბად გაგახსენდება, მაგრამ გულში გაკენწვლის გარეშე.