აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ წარადგინეს.

აქტში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები:

  • მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და სანდოობას, კანონის უზენაესობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევას;
  • მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენულობასა და ტერიოტირიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
  • მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი და მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, მათი ქვეყნის სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიუხედავად, ჩარევისა და სხვა ქვეყნების მიერ ძალდატანების გარეშე;
  • მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
  • არ აღიარებს ტერიტორიულ ძალადობით გამოწვეულ ცვლილებებს, მათ შორის არც არალეგალური შემოჭრითა და ოკუპაციით განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც შეეხო საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და ცხინვალს;
  • გმობს მიმდინარე დაკავებებს, მოტაცებებს და სხვა სახის ადამიანის უფლებების დარღვევებს აღნიშნულ რეგიონებში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ შორის ბოლოდროინდელ მკვლელობებს ქართველი მოქალაქეების: არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარაულის;
  • მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მოუწოდებს რუსეთს დაჟინებით, რომ შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხელი შეუწყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამუშავებას ოკუპირებულ რაიონებში და, ასევე, უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილზე ხანგრძლივი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დახმარების აქტის (1961) მეორე ნაწილის მეხუთე თავისა და იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტის 23-ე სექციის მიხედვით აშშ-ის დახმარება საქართველოსადმი უნდა გაიზარდოს.

აქტში გამოყოფილია მთავარი სფეროები, სადაც აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს: უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. აქტში ნათქვამია ისიც, რომ აშშ-ს სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ მეტი საქართველოსთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

ასევე, აქტში ნათქვამია, რომ თუკი ამერიკის პრეზიდენტს ინფორმაცია ექნება, რომ:

  • კონკრეტული ადამიანი არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე ოკუპირებულ რეგიონში;
  • აწვდის ტექნოლოგიურ, ფინანსურ, ან სხვა სახის დახმარებას ამ პირს, რომელიც სჩადის აღნიშნულ დანაშაულს;
  • კონტროლდება უცხოელი პირის მიერ;

პრეზიდენტმა უნდა დაუწესოს მას სანქციები. შესაძლებელია ქონებისა და საკუთრების დაყადაღებაც, ამ პირს შეეზღუდება ამერიკაში შესვლის საბუთების მიღება.