რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, უბარიერო პროპორციული კენჭისყრის მხარდასაჭერად საპარლამენტო მანდატის გამოყენების თემა უკვე "ამოიწურა", რადგან მისი თქმით, ქართული ოცნებაც კი არ წავიდა არანაირ კომპრომისზე. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება. პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, ვადამდელი არჩევნებისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ფარგლებში არიან მზად, შევიდნენ და ხმა მისცენ. შესაბამისად ვფიქრობთ, თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით, ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული ოცნებაც კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე", — განაცხადა მან.

10 თებერვალს ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ უბარიერო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი დარეგისტრირდება, მზადაა, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საპარლამენტო მანდატი გამოიყენოს. აღნიშნულს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეს განცხადება "ბავშვური" იყო.