მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა იმ სავარაუდო თემებზე, რომელზეც სინოდზე იმსჯელებენ. მისი თქმით, სინოდის განსახილველი საკითხები იცის მხოლოდ პატრიარქმა და ყველა სხვა არის ვარაუდები.

"სინოდს იწვევს პატრიარქი შეხედულებისამებრ. საკითხები, რომლებიც სინოდზე უნდა იყოს განხილული, იცის მხოლოდ პატრიარქმა. ყველა სხვა დანარჩენი არის ვარაუდები. მე რომ მკითხოთ, რა საკითხები იქნება სინოდზე, მე შემიძლია ჩემი ვარაუდები გამოვთქვა მხოლოდ", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მხოლოდ 2 შემთხვევა იყო, როცა საკითხები იცოდნენ: პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლის იუბილეზე და გაზაფხულზე ზიარების წესის განხილვისას.

მიტროპოლიტის ვარაუდით, დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ ვაქცინაციის საკითხს.

"დიდი იმედი მაქვს, რომ სინოდი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ვაქცინაცია ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვინც გაიკეთებს ვაქცინას ან არ გაიკეთებს, არც ერთს და არც მეორეს ჩვენ ზიარების უფლებას არ შევუზღუდავთ", — აცხადებს ის.

სხდომაზე შესვლის წინ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებსაც მისცა შენიშვნა და "მათგან მომავალ ვირუსზე" ისაუბრა. მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ "აიცრებიან ჟურნალისტების გავრცელებულ ვირუსზე", ამიტომ სავარაუდოა, რომ სინოდი მედიასთან ურთიერთობაზე იმსჯელებს.

"ვირუსი არ არის მარტო ფიზიკური. თქვენ რა ინფორმაციასაც ავრცელებთ საზოგადოებაში ეს არის ინფექცია, რომელმაც შეიძლება ადამიანი იმსხვერპლოს. ახლა ვიღაცამ სისულელე წამოროშა და თქვენ ყველანი იმეორებთ, რომ პრორუსი ეპისკოპოსები აპირებენ პატრიარქის გადაყენებას. ეს არის სამარცხვინო ამის ლაპარაკი. მაგრამ თუ ჩვენ საზოგადოებამ გადავიტანეთ, თქვენ მიერ გავრცელებული ვირუსი, ჩვენ ავიცრებით ამაზე და ცოტა ხნის მერე თქვენ ამას ვეღარ გააკეთებთ. ნუ ავრცელებთ ასეთ უმსგავსობას".

მიტროპოლიტმა უპასუხა მეუფე პეტრეზე დასმულ კითხვებსაც და განაცხადა, რომ მისი საკითხი სხდომაზე, სავარაუდოდ, არ განიხილება.

"მეუფე პეტრეზე მინდა გითხრათ, რომ არ არის საჭირო აჟიოტაჟის ატეხვა. ამ ადამიანს არ დაუშავებია იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო სინოდმა მას დროებით მღვდელმოქმედება შეუჩერა. მერე იმის მერე რაც ეს გააკეთა, მას ანალოგიური, ამის ტოლფასი დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად საეკლესიო წესების მიხედვით, ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება მხოლოდ.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მეუფე პეტრე უკან მივიღოთ, ეს დროებით აქვს შეჩერებული და თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს. რაც ასევე არ გამოუხატავს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება".

სინოდის სხდომა დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. წინა სხდომებისგან განსხვავებით საპატრიარქოს შესასვლელთან დადგმულია ჯებირები და ჟურნალისტები მის უკან დგანან.