აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ს წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის მიმართ.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებით.

"მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში", — განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

კინზინგერის განცხადებით, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ დგას ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

"უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. [..]

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის", — აღნიშნა კონგრესმენმა კინზინგერმა.