ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი რომ იყოს, პარლამენტი ვერ იფუნქციონირებდა. მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისი, თავისი კლასიკური გაგებით, არის მაშინ, როცა ქვეყანაში ვერ ფუნქციონირებს რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი.

"პოლიტიკური კრიზისი, თავისი კლასიკური გაგებით, არის მაშინ, როდესაც რომელიმე ინსტიტუტი ვერ ფუნქციონირებს [...] ჩემი აზრით, ვერ გასცდა შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ეს კრიზისი, საბედნიეროდ, ამ ქვეყნისთვის, თორემ, კრიზისი, კლასიკური გაგებით რომ გვქონდეს, მაშინ პარლამენტი ვერ იფუნქციონირებდა და გვექნებოდა ძალიან ცუდი მდგომარეობა. რისი სურვილიც ჰქონდათ და საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს", — განაცხადა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ უარი თქვეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასა და საპარლამენტო მანდატებზე. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით, მათივე განმარტებით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად იმართებოდა.