კარტოგრაფების საქმის სასამართლოს პროცესი, სადაც მტკიცებულებების საკითხს განიხილავდნენ, 16 თებერვლისთვის გადაიდო. როგორც მხარეები აღნიშნავენ, მოსამართლე გადაწყვეტილებას მტკიცებულებების დასაშვებობასთან თუ დაუშვებლობასთან დაკავშირებით შემდეგ სხდომაზე მიიღებს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ახალ მტკიცებულებად ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები წარადგინა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მელაშვილი თავისი განცხადებებით აღიარებს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ნაწილი არაა.

მელაშვილის თქმით, მისი სიტყვები არასწორად გაიგეს და ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს. რაც შეეხება ახალ მტკიცებულებას, ადვოკატებმა ჯერ არ იციან კონკრეტულად რომელ განცხადებებზეა საუბარი, რადგან მისი შინაარსის გაცნობის საშუალება არ ჰქონიათ.

გარდა ამისა, პროკურატურა მოითხოვა, რომ დაუშვებლად ცნონ დაცვის მხარის მიერ უცხოელ ექსპერტთან დანიშნული ექსპერტიზა. როგორც სხდომამდე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თქვა, უცხოეთში ექსპერტიზის დანიშვნის უფლება ბრალდების მხარეს აქვს. თუმცა, მსგავს განმარტებას ადვოკატები არ ეთანხმებიან.

"ჩვენ ამ შემთხვევაში გადავეცით სასამართლოს შუამდგომლობა, მათ შორის პროკურატურას, რომელიც გულისხმობს, რომ თუ სასამართლომ უნდა განმარტოს ეს ნორმა ისე, როგორც ამას პროკურატურა ითხოვს, თითქოს მხოლოდ მათ აქვთ საზღვარგარეთ ექსპერტიზის დანიშვნის უფლება, მაშინ ეს ნორმა ცალსახად არღვევს შეჯიბრებითობის უფლებას. ამისთვის უნდა მიმართოს მოსამართლემ წარდგინებით საკონსტიტუციო სასმართლოს და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა იმსჯელოს აღნიშნული მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით", — განაცხადა მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

სხდომის შემდეგ პროკურორმა თქვა, რომ ექსპერტიზას სხვა პროცედურული ხარვეზებიც აქვს.

"როცა ინიშნება ექსპერტიზა, განსაკუთრებით კარტოგრაფიული ექსპერტიზა, უნდა იყოს გადაგზავნილი შესაბამისი მასალა, ის მასალა, რაც არის საკვლევი ობიექტი და რაც უნდა დაამუშაოს ექსპერტიზამ. ამ შემთხვევაში არანაირი საკვლევი მასალა არაა გადაგზავნილი, მხოლოდ კითხვებია დასმული.

მეორე, კანონი ითვალისწინებს, ექსპერტის გაფრთხილებას შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ასევე, უფლება-მოვალეობების განმარტებას, ესეც არაა განმარტებული. სხვა ბევრი დეტალია. განსხვავებით სამხარაულში ექსპერტიზის დანიშვნისაგან, ამ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურებაზე", — განაცხადა მან.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.

გაიგეთ მეტი: