გაფრთხილება: სტატია (ბოლო ნაწილის გარდა) მხოლოდ გასართობი დანიშნულებისაა. არაჯანსაღი ურთიერთობა ხშირად, შესაძლოა, ირაციონალური ქმედებებისკენ გვიბიძგებდეს. თუ საკუთარი ამბის გაზიარება ან რჩევის მიღება (მათ შორის პროფესიონალისგან), თუნდაც ანონიმურად, გსურს, შეგიძლია, შემოგვიერთდე ფეისბუქჯგუფში — მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.

"[...] ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს?" — ამ ფრაზის მეტ-ნაკლებად სისწორეში, ადრე თუ გვიან, ყველა რწმუნდება, მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა მავანისგან წოდებული "ყველაზე ამაღლებული გრძნობისა". სიყვარული ალბათ ცოტა გადაჭარბებულად — მეტისმეტად რომანტიზებულად და უნაკლოდ — არის წარმოჩენილი კლასიკურ თუ პოპკულტურაში, თუმცა, ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში მოდის ის მომენტი, როცა ბახ! და ყველაფერი თავდაყირა დგება.

ფოტო: Giphy

რაც გინდათ, ის დაარქვით — გამიჯნურება, დამოკიდებულება, დაავადება, ობსესია — ჯენზი კულტურაში მას, უბრალოდ, დაქრაშვას უწოდებენ და დიდად თავს არ იწუხებენ "შორით ბნედით" თუ სასიყვარულო წერილების წერით. ამ მარტივი დამოკიდებულების გამო, დღეს დიდი გამოწვევა ნამდვილად არაა ქრაშისთვის გრძნობების გამხელა.

თუმცა, რა ვქნათ 21-ე საუკუნის ტარიელებმა? გამოუსწორებელმა რომანტიკოსებმა, რომლებსაც მიჯნურის ერთხელ ნათქვამი "გამარჯობა, როგორ ხარ?"-ის შემდეგ მთელი გეგმების აწყობა, მომდევნო თვეების განმავლობაში FBI-ის აგენტის ფუნქციების შეთავსება და ეგრეთ წოდებული სტალკვის უმაღლეს დონეზე შესწავლა შეგვიძლია?

პირველი ეტაპი

ქრაშვის პირველ ეტაპად მოიაზრებდა დრო პირველი დაჯახებიდან პირველ იმედგაცრუებამდე.

1. არ დაკარგო დრო

ფოტო: Giphy

ხომ არ გგონია, რომ გირჩევთ, დროზე გაიგო მეორე მხარის პოზიცია და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაივიწყო? არამც და არამც, ლუზერები ასე არ იქცევიან. ყველანაირად გვერდს ვუვლით უარყოფითი პასუხის პირდაპირ მიღებას და გვირჩევნია, საუკუნოდ დავიდაგოთ.

რადგან დადაგვის პროცესი დროის გასვლასთან ერთად ხშირად უფრო ინტენსიური ხდება, გირჩევთ, საწყის ეტაპზევე მიიღო დადებითი ემოციები — მაქსიმალურად დიდი დრო გაატარო ქრაშის გარემოცვაში, იცინო მის თუნდაც უკბილო ხუმრობებზე, სიცილის დროს თვალებში უყურო და მერე ეს მომენტები მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩახვეული ფირივით ატრიალო; სასურველია, შესაბამისი საუნდტრეკიც შეარჩიო — სიმღერები, რომლებიც ამ ყველაფერთან ასოცირდება ან მუსიკა, რომელიც მას მოსწონს (ამ უკანასკნელის გასაგებად იხილე შემდეგი რჩევა).

2. დაიმატე ფეისბუქზე/გამოიწერე ინსტაგრამზე

ფოტო: Giphy

საწყის ეტაპზე ქრაშის პირად ცხოვრებაში ცხვირის უაპელაციოდ ჩასარგავად საუკეთესო გზა გასართობი სოციალური ქსელებია. რადგან ლუზერები ვართ და ხელმოცარულობა ჩვენი ცხოვრების თანმდევია, შესაძლოა, თავიდან ქრაშმა არც ფეისბუქზე დაგიმატოს და, თუ ინსტაგრამზეც დახურული აქვს პროფილი, უხეშად გიკრას ხელი გრძნობებზე. არ დანებდე, თავმოყვარეობა ცოტა ხნით დაივიწყე და კიდევ რამდენჯერმე განმეორებით სცადე. ბოლოს, ან მობეზრდება და დაგიმატებს, ან დაგბლოკავს. არც ეს უკანასკნელია ტრაგედია — შეგიძლია, ახლობლის/მეგობრის ფეისბუქიდან განაგრძო სტალკვა, ან საგანგებოდ ამისთვის შექმნა ყალბი ანგარიში და იქიდან შეიტყო ცხელ-ცხელი ამბები.

3. გადაეყარე მოულოდნელ დროსა და ადგილას

ფოტო: Giph

ფეისბუქი და ინსტაგრამი ქრაშვის ობიექტზე ბევრი რამის შეტყობაში დაგეხმარება. თუნდაც მაინცდამაინც აქტიურობით არ გამოირჩეოდეს სოციალურ ქსელში, მეგობრების/გამომწერების ნახვის შესაძლებლობა კი არ გქონდეს, შეგიძლია, ფოტოს დამლაიქებლების პროფილებზე გადასვლით, 2014 წლის პოსტებამდე ჩაყოლებით და მეგობრების დაწერილი კომენტარებით მასზე გაიგო: სად ცხოვრობს, სად მუშაობს, სად ერთობა და სხვა.

შემდეგ, სრულიად "შემთხვევით" აბოდიალდე იმ ქუჩაზე, სადაც ცხოვრობს (სასურველია დილით ან საღამოს — მეტი ალბათობაა გადაყრის), ან იმ დაწესებულების სიახლოვეს, სადაც მუშაობს. მთავარი მხოლოდ ისაა, რომ ჩამჭრელ კითხვაზე: "აქ როგორ მოხვდი?" შესაფერისი პასუხი მოიფიქრო — თან უნდა იეჭვოს რაღაც და თან — ვერაფერს მიხვდეს.

მეორე ეტაპი

ქრაშვის მეორე ეტაპი მოიცავს პერიოდს პირველი იმედგაცრუებიდან უფრო ღრმად შეტოპვამდე.

4. იმედგაცრუებიდან ყურადღების გადატანა სცადე

ფოტო: Giphy

იმედგაცრუება ბევრი და ბევრნაირი შეიძლება იყოს — შენდამი ყურადღების ნაკლებობიდან იმის შეტყობამდე, რომ უკვე ურთიერთობაშია (მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქზე ასე არ ეწერა!) — თუმცა პირველი წყენა უფრო მტკივნეულია; მერე, როგორც ლუზერებს შეგვეფერება, ეჩვევი.

თუმცა, ცხადია, დანებებას არ აპირებ. რა თქმა უნდა, არც ორ ადამიანს შორის ჩადგომა შედის შენს გეგმებში, თუმცა, ვინ თქვა, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერს გაუმხელ? ამიტომ, საჭიროა, ყურადღება გადაიტანო და უფრო დიდ ტყუილში ცხოვრება განაგრძო — ამაში ზემოხსენებული მოგონებების ფირი ან ფეისბუქზე დამატებული პროფილის თვალიერება დაგეხმარება.

5. დაუახლოვდი მის წრეს

ფოტო: Giphy

როცა პირველ იმედგაცრუებას უკან მოიტოვებ, შეგიძლია, მშვიდად მიჰყვე დინებას. თუმცა, უკეთესი იქნება, თუ პროცესის კატალიზატორის უეცარ გამოჩენას არ დაელოდები და შენს წვლილს შეიტან ქრაშთან დაახლოების მცდელობაში.

მეორე ეტაპზე საუკეთესო გამოსავალი მისი მეგობრების/ოჯახის წევრების/ნაცნობების წრესთან დაახლოებაა. საქართველო, მით უმეტეს, თბილისი, ისეთი ხალხმრავლობით არ გამოირჩევა, რომ საერთო ნაცნობები მაინც არ გაკავშირებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, თუკი თქვენი გზები უკვე გადაიკვეთა. როცა მის წრეში თავს შინაურულად იგრძნობ, შეგიძლია, ქრაშის მეგობრებსა და კეთილისმსურველებს ისეთი ყინულის სახით დასცინცლო საჭირო ინფორმაცია, თითქოს რიგითი გამვლელის ჩაცმულობაზე ეკითხებოდე აზრს.

6. ცოტა ხანი შეწყვიტე ყველაფერი

ფოტო: Tenor

"განშორება ტრფობას აძლიერებსო", ალბათ გაგიგონია. ამ რჩევის გათვალისწინება, პრინციპში, ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლია. ცოტა ხნით შეწყვეტ მის ქუჩაზე სიარულს და მისი ფეისბუქის თვალიერებას. მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ეს რუტინული პროცესი, რომელიც, შესაძლოა, მობეზრებულიც გქონდა, ბევრად საინტერესო საქმიანობად მოგეჩვენება და არც ისაა გამორიცხული, ძალებაღდგენილმა ახალ-ახალი რაღაცები შეიტყო ქრაშის შესახებ.

მესამე ეტაპი

მესამე ეტაპი ყველაფრის გააზრებაა.

7. იმოქმედე

ფოტო: Liubov Dronova / Dribbble

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ქრაშვა გასართობი, არანაკლებ შემეცნებითი დანიშნულებისაა, თვით ლუზერებისთვისაც კი. ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაფერი მაინც შენს სასიკეთოდ გამოიყენო და არა — პირიქით. "შორით ტრფობა" ბევრ რამეში დახმარებია ხელოვანებს — მუზის პოვნაში, შემოქმედების ახლებურად გაცოცხლებაში თუ სხვა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ზღვარი გქონდეს გავლებული და არაფრის დიდებით არც დათმო იგი.

უპირველეს ყოვლისა, როცა ზღვარს მიუახლოვდები, სჯობს, მცირე ხნით შეყოვნდე და დაფიქრდე — გაერკვე შენს სურვილებში. თუკი "ცივ გონებაზე" მიიჩნევ, რომ ურთიერთობა ჯანსაღია და მას, შესაძლოა, პოტენციალი ჰქონდეს, ალბათ აჯობებს, სწორი დრო შეარჩიო და ინდიფერენტული განწყობით, ჰიპერბოლების გარეშე აუხსნა ქრაშს ყველაფერი. ეს პირველი "რჩევის" გათვალისწინებაში დაგეხმარებათ— დაზოგავთ ბევრ დროსა და ნერვებს.

"[ვინმეს] შესაყვარებლად, აუცილებელია, შენ მხოლოდ 'შენ' იყო; ყველაზე მეტად კი საჭიროა, ჯერ საკუთარი თავი გიყვარდეს".

Phantom, Of Monsters and Men

თუკი ხვდები, რომ ურთიერთობა არაჯანსაღია და მართლაც გიბიძგებს შეტოპვისკენ — ირაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისაკენ — დავიწყება ყველაფრის ფასად უნდა სცადო. დაელაპარაკეთ ოჯახის წევრს/მეგობარს/ფსიქოთერაპევტს — ნებისმიერს, ვისაც ენდობი — საუბარი დაგეხმარება, ერთი მხრივ, ტვირთი მოიშორო, მეორე მხრივ, რჩევა მიიღო იმ ადამიანისგან, ვინც სიტუაციის გარეთაა და, შესაძლოა, მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონია.