დღეს, 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლო კარტოგრაფების საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავს.

როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, მათ არაერთი შუამდგომლობა აქვთ, რომელიც პროკურატურის მიერ პროცედურების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს ეხება. მათ შორის, ის 1:200 000 მასშტაბის რუკაზე საუბრობს, რომელზეც დაფუძნებულია ბრალდება.

ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ითხოვენ თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ მომზადებული ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობას. აღნიშნული დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ხორბალაძეა, რომელიც ივერი მელაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს.

"ჩვენთვის წარმოუდგენელია, რომ ხორბალაძის თანამშრომელი, რომელიც არის მეორე ბრალმდებელი, მხარე და ზოგადად, თავდაცვის სამინისტრო მხარეა ამ საქმეში, როგორ შეიძლება, მისი თანამშრომლის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა იყოს ობიექტური", — აღნიშნა მარიკაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა აპირებს, რომ დაცვის მხარის იმ ექსპერტიზის არდაშვებობის შუამდგომლობა დააყენოს, რომელიც საზღვარგარეთ ჩატარდა. ადვოკატის თქმით, ბრალდება არ ატარებს მნიშვნელოვან ექსპერტიზებს. ამის ფონზე კი მათ არ სურთ დასაშვებად ცნონ ნეიტრალური და ობიექტური ექსპერტიზა.

პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების 99%, მარის მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ასლია და თუ ისინი მათი არდასაშვებობის შუამდგომლობას დააყენებენ, ეს ავტომატურად თავიანთი მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხს აყენებს.

რაც შეეხება უცხოეთში ჩასატარებელ ექსპერტიზას, სადრაძე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს უფლება უცხოეთში ჩაატაროს მსგავსი საპროცესო მოქმედება.

ამასთან, იგი ამბობს, რომ პროკურატურა მტკიცებულებად წარადგენს მელაშვილის საჯარო განცხადებებს, სადაც ის აღიარებს დანაშაულს. კითხვაზე, რატომ წარადგენს ბრალდება მტკიცებულებად განცხადებას, რომელიც არ ეხება სადაო მონაკვეთებსა და ბრალს, პროკურორმა ცალსახა პასუხი არ გასცა.

რაც შეეხება ივერი მელაშვილს, იგი ამბობს, რომ ისიც და ნატალია ილიჩოვაც, ამ ბრალდებებში უდანაშუალოები არიან.

"ნამდვილად არ მინდა დეტალებში შევიდე. განხილული გვაქვს ყველა ბრალდების ყველა პუნქტი. შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც და ქალბატონო ნატალიაც აბსოლუტურად უდანაშაულოები ვართ ამ ბრალდებაში", — განაცხადა მან.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.

გაიგეთ მეტი: