თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტის აღდგენიდან დღემდე, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა. მისი თქმით, მათ პირბადეები, ძირითადად, "ცხვირზე" არ ჰქონდათ აფარებული. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე ისაუბრა.

"524 მგზავრი ეცადა ასვლას პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც რა თქმა უნდა, იქნა აღკვეთილი. 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, ძირითადად ცხვირზე არ ჰქონდათ აფარებული, ჩამოწეული პირბადით იყვნენ. მიეცათ გაფრთხილება და ეს გამოსწორდა. საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა მხოლოდ ერთხელ, პირბადის არგაკეთების გამო, ხოლო ერთხელ არ დაიძრა ავტობუსი, იმიტომ, რომ მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს გაეკეთებინა პირბადე", — განაცხადა კალაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. 8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები. ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, 8 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება, ხოლო მეტროსადგური გოცირიძე სარემონტო სამუშაოების გამო მგზავრებს 3 თვე ვერ მოემსახურება.