პანდემიის ფონზე, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლას სირთულეებთან ერთად, უამრავი უცნაური და სახალისო მომენტიც ახლავს. მათი უმეტესობა ზუმის აპლიკაციას უკავშირდება. ხან კამერა ან მიკროფონი გვრჩება არასახარბიელო დროს ჩართული, ხანაც სერიოზულ შეხვედრებზე ოჯახის წევრები გვარცხვენენ. მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილ რეალობაში თითქმის ერთი წელია ვცხოვრობთ, უხერხულ მომენტებს დასასრული არ უჩანს.

ინტერნეტის ახალი ფავორიტი ამჯერად ტეხასელი ადვოკატი როდ პონტონია, რომელიც მოსამართლესთან გამართულ შეხვედრას კნუტის ფილტრით ესწრებოდა. როცა მოსამართლემ ადვოკატს უთხრა, რომ კნუტის ფილტრი ჰქონდა ჩართული, აღელვებულმა პონტონმა უპასუხა:

"არ ვიცი, როგორ გამოვრთო. ჩემი ასისტენტიც აქაა და ისიც ცდილობს, თუმცა მზად ვარ ამ ფორმაშიც გავაგრძელოთ. ლაივში ვარ ჩართული. მე კატა არ ვარ."

ამ სახალისო ინციდენტის შემდეგ მოსამართლემ ტვიტერზე ყველას მოუწოდა, მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ დარწმუნდნენ, რომ ფილტრები გამორთულია.

"მსგავსი სახალისო შემთხვევები სამართლის სფეროს წარმომადგენლების თავდადების შედეგია, რომლითაც რთულ დროებაში სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფენ. ჩართულმა მხარეებმა სიტუაციას თავი ღირსეულად გაართვეს, ფილტრით მოსაუბრე ადვოკატმა კი განსაკუთრებული თავდაჭერილობა გამოავლინა. ესაა ნამდვილი პროფესიონალიზმი", — განაცხადა მოსამართლემ.

კნუტმა საკუთარ დავალებას თავი მშვენივრად გაართვა, ინტერნეტს კი ახალი ვარსკვლავი ჰყავს.