"საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში", — აღნიშნულია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების 2021 წლის ანგარიშში. ევროკომისიის განცხადებით, საჭიროა ძალისხმევა მართლმსაჯულების რეფორმირებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო/ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, დროულად, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის განმუხტვა კვლავ პრიორიტეტია", — აცხადებს ევროკომისია.

მათივე თქმით, ქვეყანაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება.

"არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ვენეციისკომისიის ყველა რეკომენდაციას, გამჭვირვალედ განხორციელდეს და უზრუნველყოს პროცესის ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარმართვა, შემდგომი დანიშვნების დაწყებამდე", — წერია ანგარიშში.

ევროკომისია ხაზს უსვამ იმ ფაქტსაც, რომ საქართველო სტაბილურად განაგრძობდა ევროპული გზით მოძრობას, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიის გამოწვევების პირობებში.

"ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას, რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ", — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

ანგარიში გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 16 მარტს გაიმართება და ასახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში.