პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარის იტყვის, ჩაითვლება, რომ მათი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს.

"ოპოზიციამ უნდა აიღოს, თუ რამე მტკიცებულება გააჩნია, კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები გაყალბებებთან დაკავშირებით თუ ასეთი აქვთ, ჩადოს ჩანთაში და შემოვიდეს პარლამენტის შენობაში, ჩაერთოს კომისიაში", — ასე უპასუხა თალაკვაძემ კითხვას, როგორ უნდა ჩაერთოს ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, იმ პირობებში, როდესაც იგი უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ პარლამენტში შევიდეს და საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა, რომელმაც არჩევნების გაყალბება უნდა შეისწავლოს. მმართველი გუნდის განცხადებით, თუ კომისია 1%-იან გაყალბებას მაინც დაადასტურებს "ოცნების" სასარგებლოდ, ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ.