ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი საპატრიარქოს მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ეკლესიაში გახშირებულ ანტისემიტიზმთან დაკავშირებით და მსგავსი შინაარსის განცხადებები დაგმოს.

TDI, ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად დაგმონ ანტისემიტიზმი, ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.

"ანტივაქსერული კამპანიის კონტექსტში, ეპისკოპოსი საბა იმეორებს ებრაელთა წინააღმდეგ არსებულ ერთ-ერთ კონსპირაციას, რომლის მიხედვითაც მეორედ მოსვლა და სამყაროს აღსასრული სწორედ იუდაიზმის მიმდევართა მიერ სოლომონის ტაძრის აშენებას უკავშირდება. იუდოფობია, იუდაიზმის მიმდევართა შიში და მათ მიმართ სიძულვილის ენა ანტისემიტიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირების ანტისემიტურმა განცხადებებმა უკვე საგანგაშო ხასიათი შეიძინა. საყურადღებოა, რომ ამ დრომდე არც საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას გახშირებული ანტისემიტური განცხადებები არ შეუფასებიათ და დაუგმიათ", — აცხადებენ TDI-ში.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აღნიშნულით 8 თებერვალს ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, საბა გიგიბერიას ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ეპისკოპოსმა თქვა, რომ ის არ აპირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას, საუბარი კი განაგრძო ისრაელში სოლომონის ტაძრის მშენებლობაზე, რაც, მისი თქმით, ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებას ნიშნავს.